დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმების მიუხედავად, პენსიისა და სხვა სოციალური შემწეობის აღებას მოქალაქეები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
„იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა“, - განაცხადა სარჯველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე. მინისტრის ინფორმაციით, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც ძველი მოწმობები თანამედროვე დოკუმენტით არ შეცვალეს, საკმაოდ მაღალია.
„დღეიდან კანონის ძალით საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ, ამიერიდან იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის, ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები, შეეცვალათ თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით.
ამ მიზნით მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
იმისთვის, რათა დაბრკოლება არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გასული წლის ბოლოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები 1-ელი ივლისიდან უნდა გაუქმდა. საპარლამენტო განხილვების დროს გაჟღერდა, რომ საქართველოში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა დაახლოებით 230 000 მოქალაქეს აქვს, მათ შორის რამდენიმე ათეულია ისეთი, ვინც ელექტრონულ მოწმობას რელიგიური მრწამსის გამო არ იღებს.
