საქართველოში გერმანიის საელჩო პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებს ეხმაურება და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას და მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები.
მაგალითად, საელჩოს განცხადებით, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნას მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, ხოლო შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნას გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ.
„ამჟამად დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამასთან სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა. განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ“, - განაცხადეს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. 4 თებერვლიდან ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.
ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.
