გალის რაიონში, ე.წ. ენგურის გამშვებ პუნქტთან „სატრანზიტო ჰაბის“ მშენებლობა დასრულდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელე-რადიოს კომპანიის ინფორმაციით, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო პროექტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
ე.წ. სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ აფხაზეთ-რუსეთის ეს ერთობლივი პროექტი საქართველოსთან ვაჭრობას არ გულისხმობს - „მისი მთავარი მიზანი სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოებაა“, ხოლო „პოტენციურ მონაწილეებს შორის არიან ინდოეთი, სომხეთ, ირანი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები“.
სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასტამურ ახსალბამ ტელეკომპანიათან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროექტი 6 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
„რატომ ვართ 6 წელი ამით დაკავებული? [...] ჩვენ ყველაფერი შევისწავლეთ, გვქონდა საცდელი გაშვებები. აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ტვირთი გავატარეთ რუსეთის ფედერაციაში. უფლებამოსილმა ორგანოებმა - საბაჟომ, სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურმა - ყველა აუცილებელი სამუშაო ჩაატარეს და დიახ, საქონელი ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ უკან გზაზეც გვქონდა ტვირთი, აფხაზეთიდან ირანში გავგზავნეთ საქონელი“, – განაცხადა ახსალბამ.
გალის რაიონს „სატრანზიტო ჰაბი“ ოჩამჩირეში არსებულ სარკინიგზო ტერმინალს დაუკავშირდება. როგორც ასტამურ ახსალბა ამბობს, იქ ჩამოიტვირთება კონტეინერები და შემდეგ უკვე რკინიგზით გაიგზავნება რუსეთში.
„ასე იქნება პირიქითაც - ჩამოვა მატარებელი, ჩამოიტვირთება ოჩამჩირეში, ჩვენი მანქანების საშუალებით ტვირთი მივა ტერმინალამდე და იქიდან უკვე გაიგზავნება“, – განაცხადა ახსალბამ.
სასაზღვრო ჰაბის მშენებლობა რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო უწყებებს შორის 20211 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ტელეკომპანიის ცნობით, შეთანხმების დებულებები დღემდე არ არის შესრულებული „საქართველოსთან მეზობლობის გათვალისწინებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი მიზეზების გამო“.
„შეუძლებალია საქართველოსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობაზე იყოს საუბარი მანამ, სანამ ხელი არ მოეწერება რიგ დოკუმენტებს. ჩვენი კომპანია მხოლოდ ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც საქონლს გადაიტანს ტერიტორიების გავლით. ეს არის რუსეთის ფედერაციის და მესამე ქვეყნების ტვირთები.
ამ ჰაბის გახსნა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მეორე ნაბიჯია ვცადოთ, რომ აფხაზური პროდუქცია მესამე ქვეყანაში მოხვდეს. მაგალითად, ირანი, ვფიქრობ, არ იქნება წინააღმდეგი თუ აფხაზური პროდუქცია ირანის ტერიტორიაზე გაიყიდება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“, – თქვა ასტამურ ახსალბამ.
ჰაბის გახსნა ნახევარ წელში იგეგმება. ახსალბამ რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ Sputnik-თან განაცხადა, რომ საჭიროა მხოლოდ ტერმინალის აღჭურვა სკანერებითა და ტვირთის შესამოწმებლად აუცილებელი სხვა დანადგარებით.
ამ საკითხს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დღეს, 10 დეკემბერს გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც პოზიციის დაფიქსირება ჟურნალისტმა სთხოვა. მან გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა.
„ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე. ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი.
თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არის ძალაში და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება თბილისის პოზიციის გარეშე გალში ტერმინალი აშენებულიყო, „ქართული ოცნების“ პრემიერმა თქვა, რომ „არ იცის“: „მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით. ზოგადი შეთანხმება არსებობს, თუმცა ამ კუთხითაც არავითარი აქტივობა არ ყოფილა. ეს არის ის პოზიცია, რაც გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენგან შეიტყობთ“.
კითხვას, ადასტურებს თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტვირთებს არ გაატარებს რუსეთისთვის, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „გიდასტურებთ, რომ არ გავატარებთ“.
