გახარიას პარტია კობახიძისგან განმარტებას ითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე, ხაზს უსვამს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ თანხმობას.

პარტია ითხოვს საქართველოს მთავრობის იმ სამართლებრივი დოკუმენტის ასლს, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე თანხმობა გაიცა და ასევე, იმ ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალს, რომლებმაც საწვავის მიწოდება განახორციელეს.

ამასთან,  „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვს ინფორმაციას, რა იყო ის კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რომლის გამოც მთავრობამ დაუშვა გამონაკლისი და თანხმობა გასცა. პარტია ასევე დაინტერესებულია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობათ, მიწოდების პერიოდითა და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილის გარკვევით, ასევე, რა კონკრეტული მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არსებობს თუ არა ბიზნესის მხრიდან რაიმე სახის თხოვნა/მიმართვა საწვავის მიწოდებაზე.

11 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფხაზეთთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დააფიქსირეს 4 დიდი ბენზინმზიდი, რომლებიც შეიარაღებული პირების მეთვალყურეობითა და დაცვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ.

12 აგვისტოს ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბიზნესმა შეიტანა და სახელმწიფო სტრუქტურებს ამასთან კავშირი არ აქვთ.

ივანიშვილის პარტიის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მეორე დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს იყო 3 ათასი ტონა საწვავი - „ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა“. იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ ტვირთის შეტანა „საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით“ მოხდა. მისი თქმით, ეს არის „ჰუმანური ნაბიჯი“, რომელიც ემსახურება ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესს. მან აღნიშნა, რომ საუბარი ტვირთის რუსული ჯარისთვის გადაცემაზე „სასაცილოა“ და ოპოზიციის კრიტიკას „უსამშობლო აგენტურის ისტერია“ უწოდა.

მოგვინებით გაირკვა, რომ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ეს კომპანია ფლობს სპეციალურ სტატუსს, რომელიც მას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის ნებართვას აძლევს. მთავრობის 11 აგვისტოს განკარგულებით, ნებართვა კომპანიას სამი თვით გაუგრძელდა. დოკუმენტის თანახმად, განკარგულება უკუძალით ვრცელდება 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

„სოლიდუსის“ მფლობელმა, გიორგი არველაძემ მედიასთან საუბარში დააზუსტა, რომ რეალურად აფხაზეთში 300 ტონა ბენზინი შეიტანა და არა 3 000. მისივე თქმით, რეგიონში რუსული საწვავის დეფიციტის გამო ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, რის გამოც 30-40 ათას ქართველს საწვავის შესაძენად ზუგდიდში 20-ლიტრიანი კანისტრებით გადმოსვლა მოუწევდა.

300 ტონა საწვავი აფხაზეთში 11 და 12 აგვისტოს შეიტანეს და როგორც გიორგი არველაძემ თქვა, ის ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. 13 აგვისტოს „სოლიდუსმა“ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი გაგზავნა.

„ჰუმანიტარული დახმარების“ არგუმენტის მიუხედავად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საწვავის მიწოდება ოკუპირებულ რეგიონში არღვევს საერთაშორისო სანქციებს და ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერის ტოლფასია, რადგან საწვავი ომის დროს იარაღია.

„ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი?!

ვის აქვს გარანტია იმისა, რომ იქ, სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსულ მანქანებში, პირდაპირი მნიშვნელობით, სამხედრო მანქანებში და გადატანითი მნიშვნელობით, დიდ სამხედრო აპარატში არ ჩაისხა?!“, - აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბენზინის შეტანას ჰუმანიტარულ დახმარებად არ აფასებს არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. მათი განცხადებით, აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება რუსეთის კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში გრძელდება, თუმცა, საავტომობილო საწვავი არასაკმარისია „რესპუბლიკის“ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ, საწვავის ალტერნატიული წყაროებიდან მიღება გადაწყვიტეს.

„საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან ბენზინის მიწოდების გზის პოვნა. როგორც ცნობილია, ომის შემდგომ, 1990-იან წლებში საქართველოსთვის მიწოდება ასევე ხორციელდებოდა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე ფაქტო მთავრობამ 12 აგვისტოს გაავრცელა.

კანონმდებლობის თანახმად, ირაკლი კობახიძე ვალდებულია სადეპუტატო შეკითხვას წერილობითი პასუხი 10 დღის ვადაში გასცეს. ეს ვადა შეიძლება დასაბუთებული მიზეზით კიდევ 10 დღით გაგრძელდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.