საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები „ბედნიერები იქნებიან“, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს, თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ხომ გახსოვთ ივანიშვილის ცნობილი ფრაზა - საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის, ხედავენ ცხოვრება როგორია და თვითონაც ასეთი უნდებათო, კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იგივეს მოგვთხოვენო. ისინი [„ქართული ოცნების“ ლიდერები] ბედნიერები იქინებიან, თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას ჩაუკეტავენ და გაუუქმებენ.
თვითონ მოპარული ფული რომ დაიცვან, ეს მილიარდები რომ დაიცვან, რომლის გამოც ახლა ერთმანეთს ესვრიან და ჩვეულებრივი ქუჩური, სისხლიანი გარჩევები აქვთ, ამისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენონ, სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს ამოეფარონ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიჰყავთ იქამდე, რომ ჩვენ, უბრალო მოქალაქეები დავზიანდებით უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, კანდიდატის სტატუსის გაუქმებით, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ჩვენი შვილების პერსპექტივის გაუქმებით“, - თქვა გახარიამ ბრიუსელში, Euroscopenews-სთან ინტერვიუში.
15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს და „ქართული ოცნების“ მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომების შესახებ იმსჯელეს. ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე 27-ვე წევრი ქვეყნის მინისტრები ვერც ამჯერად შეთანხმდნენ.
შეხვედრის შემდეგ კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა, რომ „დემოკრატიაზე „ქართული ოცნების“ თავდასხმა სულ უფრო მწვავე ხდება“ და „საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძვირად დაუჯდება“.
ამასთან, კალასმა დაადასტურა, რომ ევროკომისიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი და ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულების შეფასების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს თუ არა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
