„ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ მას შემდეგ, როდესაც „ოცნებიდან“, ან პროკურატურიდან ერთი ადამიანი მაინც შეაფასებს სამართლიანად იმ ზეწოლას, ცემას და ჩვენს აქტივისტებზე თავდასხმებს, რომლებიც არჩევნების განმავლობაში ხდებოდა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმა პროტესტის გამოხატვის სწორი ფორმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
გახარიას თქმით, მსგავს რადიკალიზაციას ხელი თავად მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო.
„რა უნდა შევაფასო?! ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს სახეში. მე შეიძლება ეს არ მომწონს, არ მომწონს ასეთი ფორმა, მაგრამ ამ რადიკალიზაციას ხელი „ოცნებამ“ შეუწყო, როდესაც ადამიანებს სცემდა, როდესაც ათასობით ადამიანს სახლში ურეკავდნენ და აგინებდნენ. როდესაც შენ ძალადობით იწყებ, მერე ეს ძალადობა გრძელდება. გარდა იმისა, რომ „ოცნებამ“ დაიწყო ეს ყველაფერი, „ოცნება“ ხელისუფლებაა, მას პასუხისმგებობა ეკისრება ადამიანების დაცვაზე, მათი ჯანმრთელობის და ქვეყანაში სიმშვიდის დაცვაზე. ეს პოლიტიკური ძალა როდესაც თავს ესხმოდა, აგინებდა, ცემდა ... კასპში თუ ქარელში ჩვენს აქტივისტს მანქანით დაეჯახნენ, ამაზეც არ დაუწყიათ გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ ბევრად უფრო უარესია ის, რომ აქამდე მივედით“, - თქვა გიორგი გახარიამ.
16 ნოემბერს, ცესკოს სხდომაზე, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დამტკიცდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს „შავი ლაქა“, „ქვეყნის სირცხვილი“ უწოდა და სახეში შავი საღებავი შეასხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კალანდარიშვილი კირთაძეს რეგლამენტის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
„სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება. დღეს თქვენ წინ გიდევთ ფარატინა ფურცელი, რომელიც არ ასახავს ჩვენი ამომრჩევლის ნებას“, - ამბობდა კირთაძე.
ცესკოს თავმჯდომარემ დავით კირთაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო და კომისიის საქმიანობაში ჩარევისთვის 500 ლარით დააჯარიმა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაა ცნობილი.
