„გირჩის“ ლიდერი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა და არჩევნების შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია. ის ეთანხმება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ჩატარდა, შემაჯამებელი ოქმები ბათილად იქნეს ცნობილი. არჩევნებისთვის 2263 ასეთი უბანი იყო გახსნილი, რაც ხმების 90%-ია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება. ფოკუსი უნდა გადავიდეს ამაზე, რადგან ეს უკვე თითქმის დადასტურებული ფაქტია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მის პარტიას 3%-მა, ანუ 62 309 ამომრჩეველმა მისცა ხმა და პარლამენტის მიღმა დარჩა.
ხვიჩიას თქმით, „ქართული ონცების“ წევრები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ყველა არგუმენტს იგერიებენ, მაგრამ „შეუძლებელია ახსნა იმისა, რომ არჩევნები სწორად ჩაატარე, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ამომრჩეველთა 90%-ის შემთხვევაში“.
„იმის დასადასტურებლად ბიულეტენის უკანა გვერდიდან შეიძლებოდა თუ არა ამომრჩევლოს ნების იდენტიფიცირება, მოთხოვნილ უნდა იქნას ელექტრონული უბნების გახსნა და თუ არსებითად დადასტურდა დარღვევა - რაც როგორც ჩანს, ასე იქნება - არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
საერთაშორისო პარტნიორებთანაც ძირითადად ამ არგუმენტით უნდა იყოს საუბარი, არჩევნების ცნობა-არ ცნობასთან მიმართებაში. ცივილიზებულ სამყაროში არავინ ატარებს საყოველთაო არჩევნებს საჯარო ხმის მიცემის წესით. გაიშარნენ „ქოცები“ ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც“, - ამბობს ხვიჩია.
საიას შეფასებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება მასობრივად დაირღვა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ძირითადად საარჩევნო ყუთს უყურებდნენ. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი არ დარჩენილიყო. საია მიიჩნევს, რომ ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს, არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას.
„ისმის მოსაზრებები, რომ თუ სწორად მოათავსებდა ამომრჩეველი კონვერტში ბიულეტენს, გაფერადებული უკანა მხარე არ გამოჩნდებოდა. ეს არასწორი არგუმენტია, რადგან ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთან ან იმ სისწრაფით, რომ გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო. ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ შეცურებისას საცდელი წრის შემდგომ, მეორე გაფერადებული წრეც (პარტიისთვის მიცემული ხმა) ჩანს. გარდა ამისა, ზოგჯერ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და უკან აბრუნებს, ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა შეაცუროს ამომრჩეველმა აპარატში. როდესაც ეს ბიულეტენი უკან ბრუნდება, ის რა თქმა უნდა, ჩარჩო კონვერტის გარეშეა და ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტში სწორად ჩადო თუ არა, ამ შემთხვევას ვერ აზღვევს“, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ცესკოს ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის მტკიცებით, „ვერავინ ვერცერთ ეტაპზე ვერ გაიგებდა, თუ რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა ამომრჩეველმა ხმა“. ეს მაშინ, როდესაც საარჩევნო ბიულეტენზე, 18 პოლიტიკური პარტიის ჩამონათვალში, „ქართული ოცნება“ სიის ბოლოში იყო.
