ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა ალან გაგლოევმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა. საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს „ჯაშუშობას“ ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
გაგლოევმა უარყო თამარ მეარაყიშვილის შევიწროებისა და შეურაცხყოფის ფაქტები. მისი თქმით, „რესპუბლიკის“ ხელისუფლება „მაქსიმალურ მოთმინებას“ იჩენდა მისი „რეზონანსული ქმედებებისა და საქართველოს სტრუქტურებთან საეჭვო კავშირების“ მიუხედავად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ალან გაგლოევმა მოიყვანა კონკრეტული ფაქტები თამარ მეარაყიშვილის ბიოგრაფიიდან, რომლებიც „ქართულ პროგრამებთან მის ხანგრძლივ თანამშრომლობაზე მიუთითებს“.
„ის ლენინგორში [ახალგორი] ბავშვთა ხელოვნების ცენტრის დირექტორი იყო. 2010 წელს საქართველოში განხორციელდა პროგრამა „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მორიგ ღონისძიებაზე, რომელიც საზღვარგარეთ გაიმართა, ის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის იყო“, – განაცხადა გაგლოევმა.
გარდა ამისა, ე.წ. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აჩვენა სერთიფიკატი და თქვა, რომ თამარ მეარაყიშვილს ის 2018 წელს ნიდერლანდების საელჩომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, გადასცა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვისთვის“.
„ამ რთულ დროს არავის მივცემ უფლებას, რესპუბლიკაში მშვიდობიანი ვითარება დაარღვიოს. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ იშლებიან მთელი სახელმწიფოები რამდენიმე დღეში, ხოლო ინიციატორები, ყოველთვის მოქმედებენ სწორედ ასეთი პირების დახმარებით“, – თქვა გაგლოევმა.
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს, ცხინვალში დააკავეს. დე ფქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
23 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა („კგბ“) „ბრალდება“ დააზუსტა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თამარ მეარაყიშვილი „ეჭვმიტანილია საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან კავშირში მყოფი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემაში“. განცხადების მიხედვით, მედისაშუალებები მეარაყიშვილს „იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
24 დეკემბერს, ე.წ. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, დახურულ სხდომაზე, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. „ბრალდებული“ დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თამარ მეარაყიშვილს 8 წელზე მეტია ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეუძლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ცხინვალში ცხოვრობდა, სადაც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, მაღაზია დაკეტა. ის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროს გამონახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება ერთადერთი გამოსავალი - მოედანზე გამოსვლა, ერთკაციანი პიკეტი. იქიდან მე არ წავალ, ღამეს იქ გავათევ. ეს შიმშილობის აქცია იქნება მანამ, ვიდრე არ მიმიღებთ. ქუჩაში ადამიანები გამოდიან მაშინ, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. მე ვერ ვხედავ ჩემი პრობლემების მოგვარების გზას“, – ამბობდა თამარ მეარაყიშვილი 21 დეკემბერს Facebook-ით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მეორე დღეს გაათავისუფლეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები აცხადებდნენ, თითქოს მეარაყიშვილმა თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვისაც.
2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ამის მიუხედავად მას ჩამორთმეული პასპორტი არ დაუბრუნეს. გამომძიებელი, რომელმაც მის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე გააყალბა, ალან გაგლოევმა ახალგორის „რაიონულ პროკურარად“ დანიშნა.
თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. „აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს“, – წერდა სახალხო დამცველი 2018 წელს.
იმავე წელს თამარ მეარაყიშვილს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა „ტიტა“ გადასცა, ხოლო „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ის პროექტის „ჩარევა სასურველიას“ გამარჯვებულად დაასახელა.
