პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელსაც სუს-ის უფროსად მუშაობის ვადა ოქტომბერში ეწურებოდა, თანამდებობა დატოვა და მისთვის ახალი - რეგიონული განვითარების სამინისტრო იქმნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
„სინამდვილეში, სუს-ი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის“, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
როგორც ის აღნიშნავს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთავარი როლი ჰქონდა.
„ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს“, - წერს მეზვრიშვილი.
პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2019 წლის 17 ოქტომბერს, 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონი კრძალავს ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ დანიშვნას.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა უკვე დატოვა და რეგიონული განვითარების მინისტრი გახდება. აღნიშნული უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს ანრი ოხანაშვილი შეცვლის, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრია.
