გაბისონიას თქმით, თსუ-ს და სტუ-ს რეორგანიზაციაზე „გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“

„ქართული ოცნების“ მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გაბისონია ამ გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერ გადავხედავ ვერანაირად. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“, - უთხრა გაბისონიამ ტელეკომპანია „პირველს“

შეკითხვაზე, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პროფესორებთან შეთანხმების გარეშე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა: „ამ ტიპის გადაწყვეტილებები, ზოგადად... პროფესურის ნაწილზე არ არის საუბარი. აქ საუბარია გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საჭიროებს სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებებს“.

ზვიად გაბისონიამ ამ საკითხზე კომენტარი „ქართული ოცნების“ პარლამენტში, უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვის დაწყებამდეც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიცია - რომ შენარჩუნებული იყოს უნივერსიტეტის ბრენდი - ძალიან იმპერატიულია.

„პარასკევს ქვეყანაში მინისტრის დაბრუნებასთან ერთად დაიწყება შეხვედრები მინისტრთანაც და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები ალბათ იქით კვირაში იქნება მიღებული“, - თქვა გაბისონიამ.

მისივე განცხადებით, უნივერისტეტების გაერთიანების შედეგად, ერთი დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი შეიქმნება, რომელიც, რეფორმის ინიციატორების ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

29 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით,ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზის და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს. გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დარჩება.

სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ თსუ-სთან გაერთიანების შესახებ მიქანაძის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე შეიტყო. გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა უნივერისტეტის აკადემიურმა საბჭომ.

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება მიიჩნევს, რომ თსუ-სთან გაერთიანება სტუ-ს დამოუკიდებელი ინსტიტუციური სტატუსის გაუქმებას ნიშნავს.

„ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში“, - საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საჯარო წერილით მიმართა და რეფორმის ავტორებთან შუამდგომლობა სთხოვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.