საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 2-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებით.
სანაიას დაპატიმრება საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკის შემცველი Facebook-პოსტის გამო არის მისი გამოხატვის თავისუფლების თვალსაჩინო დარღვევა და მთავრობის მხრიდან კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობების სერიის ბოლო ფაქტი“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 22 ივლისს შეუფარდა.
დაკავებამდე ვახო სანაიამ თქვა, რომ რაც არ უნდა მიუსაჯონ, ის არ გაჩერდება: „ამიტომ ის, რაც ჩაფიქრებული აქვთ, არ გამოვა. იუმორით იქნება თუ სერიოზულად, როგორც უნდა ისე აღიქვას პაპუაშვილმა ის სიტყვები საკუთარ თავზე. მათივე სასამართლო ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასეა“.
სასამართლომ ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
ვახო სანაიამ 10 ივლისს დაწერა, რომ შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დაჯარიმდა. ამავე დღეს მან სოციალურ ქსელში ორი სტატუსი გამოაქვეყნა:
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყ**ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“;
„მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყ**ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს“.
18 ივლისს Facebook-ზე სანაიამ დაწერა, რომ ისევ უჩიოდნენ: „მოვიდა სასამართლოს რაღაც ფურცლები. ცირკია. მე ხომ დავწერე, ნუ უწოდებთ-მეთქი შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ყ***ბს. ხო გახსოვთ, რომ ამის გამო დამაჯარიმეს. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ მე რეალურად იმ სტატუსით ლადოსა და შალვას ყ***ბი ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოვუწოდე, არ ეწოდებინათ მათთვის ყ***ბი. დღეს მოვიდა ახალი ფურცლები. სქროლვა/სქრინვის სამმართველო კიდევ მიჩივის“.
სანაიას დაპატიმრებას წინ უძღოდა 10 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა იგი 6 000 ლარით დააჯარიმა. ტელეწამყვანის მაშინდელი ფეისბუკ-პოსტი შემდეგი შინაარსის იყო: *„ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის თქმით, ვახო სანაიას დაპატიმრება იმიტომ მოითხოვეს, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, არ იხდიდა დაკისრებულ ჯარიმებს და აგრძელებდა „სამართალდარღვევით ქცევას“.
„წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით“.
პოსტზე, სადაც სანაია წერდა, რომ კონკრეტული სიტყვები არ უნდა გამოიყენონ შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის მისამართით, შსს-ს წარმომადგენელმა თქვა: „ეს რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც რეალურად იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს“.
შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორებმა სოციალური ქსელების მონიტორინგი 1-ელი ივნისიდან დაიწყეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სხვადასხვა მოქალაქე სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო 1 500-დან 6 000 ლარამდე თანხით უკვე არაერთხელ დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვისაც ამ რეგულაციების ფარგლებში პატიმრობა შეუფარდეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ვახო სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს. საია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია არაძალადობრივი გამოხატვის საპასუხოდ საპატიმრო სასჯელების, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება და ისეთი მსუსხავი ეფექტის შექმნა, რომელიც მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან აფერხებს.
