„FARA ჩვენ არ გვეხება“ - არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი ანტიკორუფციულ ბიუროს

ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უპასუხეს „ქართული ოცნების“ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც მათ სთხოვს განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ „აგენტებად“. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, ე.წ. FARA მათ არ ეხებათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, არც ამერიკული FARA და არც მისი ქართული თარგმანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე არ ვრცელდება.

„ხელისუფლება აპელირებს რომ ე.წ. ქართული ფარა ამერიკული ფარას ანალოგია, თუმცა „საერთაშორიაო გამჭვირვალობის“ აშშ-ს ფილიალი ამერიკულ ფარაში რეგისტრირებული არაა. ივანიშვილი/კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ქმედებები ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არის უკანონო. მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებები, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის.

ივანიშვილი/ კუპრაშვილის ბიუროს ამ ქმედებების მთავარ მიზანს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დევნა წარმოადგენს. ასევე, საქართველოში რუსული ტიპის კლეპტოკრატიული მმართველობის სიატემის დამყარება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, ქვეყნის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოვლენა და კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების დროს დარღვევების გამოვლენა, უფასო იურიდიული კონსულტაციებით ათასობით მოქალაქის დახმარება, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციებში დახმარება, ასობით უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის დახმარება, სახელმწიფო ინსტიტუტების და რეფორმების ხელშეწყობა, მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, საჯარო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) ანტიკორუფციული ბიუროსთან გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ მათი საქმიანობა, რომლისთვისაც ორგანიზაცია დასავლური დონორების დაფინანსებას იღებს, გამჭვირვალეა – „ემსახურება მხოლოდ და ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და თანხვედრაშია კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებთან“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს დახმარებით „ქართული ოცნება“ უკვე იყენებს ავტორიტარულ კანონებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

„კანონის გონივრული და კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელია ჩვენი ორგანიზაცია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონის ადრესატად იყოს განხილული“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ჩამოთვლის იმ ხუთ არგუმენტს, რომელთა გამოც ე.წ. აგენტად რეგისტრაცია არ ეკუთვნით. მათ შორისაა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დამოუკიდებლობა და დაფინანსების სხვადასხვა წყარო.

„რგანიზაციის საგრანტო აქტივობები არანაირ კავშირში არ არის უცხოური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა/ლობირებასთან“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ანტიკორუფციულ ბიუროს, ვრცელი 21-გვერდიანი წერილით უპასუხა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წერილში დეტალურად განმარტეს შემდეგი საკითხები:

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“ არ ითვალისწინებს ე.წ. ინსპექტირებასა და მოკვლევას – ეს უფლებამოსილება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მის მიერვე მიღებული კანონქვემდებარე აქტით დაიდგინა. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში გაჟღერებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, და არღვევს კანონიერების პრინციპს.

- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ ექვემდებარება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დადგენილ მოთხოვნებს. ჩვენი ორგანიზაცია არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ავტონომიური მმართველო ორგანო – აღმასრულებელი საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა განსაზღვრულია წესდებითა და კანონმდებლობით, და ორგანიზაცია არავის მითითებასა და კონტროლს არ ექვემდებარება.

- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ მონაწილეობს პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური პრინციპალების სასარგებლოდ ან ინტერესის შესაბამისად. ფონდი საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული პრინციპებისა და მიზნების მისაღწევად საქართველოში, ქართველი ხალხის სასარგებლოდ“.

ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან და მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, შვიდმა ორგანიზაციამ მიიღო. ესენია:

  • „საფარი“
  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
  • „მედიის განვითარების ფონდი“
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“,
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.