ევროპის საბჭოს ექსპერტები ე.წ. „ფარაზე“: მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის სამართლის ექსპერტებმა შეისწავლეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის - „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ თავსებადობა გაერთიანების თავისუფლებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება და მისი დებულებების აღსასრულებლად ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავება.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

მკითხველის რჩეული

ექსპერტთა საბჭოს დასკვნის მიხედვით, კანონის მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებზე შეზღუდვის დაწესების საკანონმდებლო მოთხოვნებს.

„ის ფაქტი, რომ აქტი აშშ-ის FARA-ს ანალოგია, თავისთავად არ წარმოადგენს მისი დებულებების დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად მიჩნევის საფუძველს, მით უმეტეს, რომ ის არ შეფასებულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით“, - ნათქვამია ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებაში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების ან სხვა სახის მხარდაჭერის მიღება და მათ მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ინსტიტუტების გამოცდილებისა და იდეების გამოყენება თავისთავად არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უცხოელი პრინციპალის ინტერესებს მისდევენ.

„ასეთ პრინციპალთან კავშირის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობა არ შეესაბამება მათ მიერ დასახულ სრულიად ლეგიტიმურ მიზნებს ან რომ ეს საქმიანობა არ არის ისეთი, რომლის განხორციელების უფლებაც მათ ექნებოდათ საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი ინიციატივით“, - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, კანონში მოცემული ზომები ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლების უფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რეგისტრაციის დროს დეტალური ანგარიშების წარდგენის მოთხოვნა ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს, სცდება უცხოური გავლენის კონტროლისთვის აუცილებელ ზომებს და წარმოადგენს როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, ასევე პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას.

„დირექტორების, მენეჯერებისა და თანამშრომლების რეგისტრაციის დოკუმენტებსა და მათ დანართებში მოცემული ინფორმაციის დიდი რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით სცილდება იმის დადგენის აუცილებლობას, მოქმედებს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოელი პრინციპალის აგენტის როლში და შესაბამისად, სცილდება იმას, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი და მოძიებადი იქნება“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ექსპერტთა მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პრინციპალების აგენტებად მიჩნეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიენიჭებათ რაიმე კონკრეტული სახელწოდება, მაგალითად, „უცხოელი აგენტი“, თავად კანონის სათაური, ასევე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, საინფორმაციო მასალებს თვალსაჩინოდ მიეთითოს, რომ მათ აგენტები ავრცელებენ უცხოელი პრინციპალების სახელით, მაინც წარმოადგენს სიგნალს, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ სამუშაოს ან დავალებებს ასრულებენ ბრძანებების, მოთხოვნის და ა.შ. საფუძველზე.

„ამიტომ, სავარაუდოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს, რომ ასეთი მონიშვნა უსაფუძვლო და მიკერძოებულია და შესაძლოა, მათ საქმიანობაზე ძლიერი შემაშფოთებელი და სტიგმატიზაციის ეფექტი ჰქონდეს“, - აცხადებენ ექსპერტები.

ისინი ყურდღებას ამახვილებენ კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებზე და აღნიშნავენ, რომ არსებობს ისეთი ოდენობის ჯარიმების დაკისრების რისკი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია გადაჭარბებულად რუსეთის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შემთხვევაში და განსხვავებული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტად ქცევის საფრთხეზე მიუთითა.

„ამან განაპირობა სასამართლოს დასკვნა, რომ ჯარიმები არ შეიძლებოდა ჩაითვალოს ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად. ეს დასკვნა კიდევ უფრო შესაფერისია თავისუფლების აღკვეთის მკაცრი პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც ბევრ შემთხვევაში შეიძლება 5 წლამდე გაგრძელდეს“, - ვკითხულობთ ექსპერტთა მოსაზრებაში.

ექსპერტთა საბჭო ასკვნის, რომ ე.წ. „ფარას“ აღსრულება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, წინააღმდეგობაში მოვა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან და, შესაბამისად, სრულიად შეუსაბამო იქნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.