ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობა ერთი წლის ვადით შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მედიასაშუალება ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ტელეკომპანიის ჟურნალისტის, სოფო ბერიძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტს დაეფუძნა. „გადაწყვეტილება, მათივე თქმით, დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს, რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას და, სავარაუდოდ, მეორე ფაქტი ეხება მარკეტა გრეგოროვას მოთხოვნას, რომელიც ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ყოფნამ გააღიზიანა“, - განაცხადა ბერიძემ „იმედის“ მთავარ გამოშვებაში.
ტელეკომპანიამ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მიღებული ზომის პროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთწლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა. როგორც მედიაორგანიზაცია, ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას. ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და POSTV-ს აკრედიტაციაზე უარი უთხრა. შესაბამისად, აღნიშნული არხები ვერ გააშუქებენ მაისს კიშინიოვში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრიც იქნება წარმოდგენილი.
ტელეკომპანია „იმედმა“ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხიც გაასაჯაროვა:
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად. განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის უწყების პასუხში.
საკითხი კიდევ უფრო ფართო კონტექსტს იძენს ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფონზე, სადაც საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ.
საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ უკვე დამტკიცებული დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და POSTV-ის აკრედიტაციას. ანგარიშში ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ამ მედიასაშუალებების როლს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ სისტემატურ დეზინფორმაციასა და მტრულ პროპაგანდაში.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შემზღუდავი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს მოლდოვის მხრიდან მსგავსი პირველი შემთხვევა არ არის - 2025 წლის სექტემბერში არჩევნების გასაშუქებლად ჩასული „იმედის“ გადამღები ჯგუფი ქვეყანაში საერთოდ არ შეუშვეს.
ანგარიშში, რომელიც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გმობს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ამ მედიასაშუალებების როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების - განსაკუთრებით კი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატების - წინააღმდეგ მიმართული სისტემატური დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ (POSTV), როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული“ ორგანიზაციები, მიმდინარე წლის თებერვალში დაასანქცირა.
