17 ივნისს ევროპარლამენტმა, 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა უკიდურესად კრიტიკული ანგარიში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა და უკუაქცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, რის გამოც ევროპული ინსტიტუტები ამჟამინდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, არალეგიტიმურად მიიჩნევა. ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი სახის შეხვედრისგან.
ანგარიშში მკაცრად არის მოთხოვნილი პერსონალური სანქციების დაწესება:
ევროპარლამენტი ითხოვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ ამოქმედებას, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების ჩათვლით, ასევე, მისი აქტივების გაყინვას.
სანქციები უნდა შეეხოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და პროსამთავრობო მედიების მფლობელებს.
ევროპარლამენტი უნგრეთის ახალ მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას ვეტო ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებაზე.
მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ (EPP), ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ უნდა გადავიდეთ კოორდინირებულ სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და სახელმწიფოს მიტაცებაზე“.

ევროპარლამენტი ითხოვს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სიაში მოხვდნენ:
- მზია ამაღლობელი (სახაროვის პრემიის ლაურეატი, „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი);
- მიხეილ სააკაშვილი (ჰუმანიტარული საფუძვლით);
- ელენე ხოშტარია (პარტია „დროას“ ლიდერი).
დოკუმენტი ასევე ეხება გიორგი გახარიასა და ირაკლი ღარიბაშვილის საქმეებს, სადაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და სამართლიანი სასამართლოს დარღვევაზე. რეზოლუცია გმობს მომიტინგეების მიმართ ძალადობის, წამებისა და გენდერული მუქარის ფაქტებს და მოითხოვს გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ჩართვას აქციებზე შესაძლო აკრძალული ნივთიერებების გამოყენების გამოსაძიებლად.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიატოვა ევროატლანტიკური გზა და სტრატეგიული ორიენტირი ჩინეთზე, რუსეთსა და ირანზე გადაიტანა. დოკუმენტით მკაცრად არის გაფრთხილებული ხელისუფლება და მოთხოვნილია რუსეთის მიერ სანქციების სისტემატური გვერდის ავლის აღკვეთა. განსაკუთრებით ხაზგასმულია ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქცირების საჭიროება, რომელიც შესაძლოა რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტისთვის გამოიყენებოდეს.
დაგმობილია „იმედის“, „პოსტვისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია; წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიბაძონ დიდ ბრიტანეთს და დაუწესონ სანქციები ამ მედიასაშუალებებს.
ევროპარლამენტი მიესალმება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და აფრთხილებს „ქართულ ოცნებას“, რომ უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა უვიზო რეჟიმი სრულად შეჩერდეს. პარალელურად, კომისიას ეთხოვება მექანიზმის შექმნა, რათა სტუდენტებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა შეუნარჩუნდეთ.
რეზოლუცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს: „საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირს. ევროკავშირის კარი იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ევროპულ გზაზე დაბრუნება შეძლოს, კვლავ ღია რჩება“.
