ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც შავ სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური აქტორები, მათ შორის საინვესტიციო ჰოლდინგი „სისტემა“ (AFK Sistema) და ენერგეტიკული გიგანტი „ინტერ რაო“ (Inter RAO).
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, „ინტერ რაო“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 19 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკაში. ჰოლდინგი მოიცავს ელექტრო და თბოენერგიის გენერაციას, ენერგეტიკულ ვაჭრობას, საცალო გაყიდვებსა და საინჟინრო მომსახურებას. 2023 წელს მისი შემოსავალი 1,36 ტრილიონ რუბლს შეადგენდა.
კომპანია პირდაპირ კონტროლდება რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ. „ინტერ რაოს“ აქციონერებს შორის არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები - „როსეტი“ (Rosseti) და „როსნეფტეგაზი“ (Rosneftegaz), რომლებიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში დივიდენდების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელები არიან.
„ინტერ რაო“ საქართველოში რამდენიმე სტრატეგიულ აქტივს აკონტროლებს: ის შვილობილი კომპანიის, Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით ფლობს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის, სს „თელასის“ აქციების 75.1%-ს, ხოლო Gardabani Holdings B.V.-ის საშუალებით მართავს მდინარე ხრამზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურებს - „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს. ეს შვილობილი კომპანიები სანქციების ქვეშ არ იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა - დავის საგანი იყო 2014 წელს ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრისას ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება.
საინვესტიციო კორპორაცია „სისტემაც“ სანქციების სიაში მოხვდა იმ სექტორებში მოღვაწეობის გამო, რომლებიც რუსეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ეს მრავალპროფილურ კონგლომერატი ფლობს და აკონტროლებს კომპანიებს რუსეთის ეკონომიკის თითქმის ყველა საკვანძო სფეროში:
- ენერგეტიკა: კომპანია ფლობს „ბესკს“ (BESK) და მის შვილობილებს — „ბაშკირენერგოს“ (Bashkirenergo), „ბსკ“-სა (BSK) და „ბესკ ინჟინერინგს“ (Besk Engineering). სწორედ ამ სექტორში საქმიანობა სახელდება სანქციების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რადგან ის რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს
- სამხედრო მრეწველობა: ჰოლდინგის შემადგენლობაშია სს „რეგიონი“ (JSC Region), რომელიც უშუალოდ სამხედრო ინდუსტრიაშია ჩართული.
- ტექნოლოგიები და კომუნიკაციები: აფკ „სისტემა“ ფლობს წილებს წამყვან სატელეკომუნიკაციო ოპერატორ MTS-ში (PJSC Mobile TeleSystems). ციფრული ტექნოლოგიების სექტორში საქმიანობა კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
- საბანკო სექტორი: კორპორაცია ფლობს „მტს-ბანკს“ (MTS-Bank), რომელიც PJSC MTS-ის მეშვეობით (Mobile TeleSystems B.V.-ს გავლით) იმართება
კონგლომერატის სხვა აქტივებია - სოფლის მეურნეობა: აგროჰოლდინგი „სტეპი“ (Steppe); ფარმაცევტიკა: „ბინოფარმი“ (Binnofarm); ელექტრონიკა: „ელემენტი“ (Element); ელექტრონული კომერცია: „ოზონი“ (Ozon); ტურიზმი: „კოსმოს ჰოტელ გრუპი“ (Cosmos Hotel Group) და „ინტურისტი“ (Intourist); ჯანდაცვა: „მედსი“ (Medsi); სატყეო მრეწველობა - ხის დამუშავება, რბილობი და ქაღალდის წარმოება: „სეგეჟა“ (Segezha).
ევროკავშირის ოფიციალური პოზიციით, PJSC აფკ „სისტემა“ და მისი ხელმძღვანელობა ფინანსურად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის დესტაბილიზაციაზე.
„სისტემას“ მართვა და საკუთრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ევტუშენკოვების ოჯახთან: კომპანიის 49,2%-ს ფლობს ევროკავშირის მიერ უკვე დასანქცირებული ვლადიმერ ევტუშენკოვი, ხოლო მისი შვილი, ფელიქს ევტუშენკოვი, ფლობს 15,2%-იან წილს და იკავებს კორპორაციის უფროსი მმართველი პარტნიორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციებს. ფელიქს ევტუშენკოვი კორპორაციის მენეჯმენტში 2008 წლიდან არის ჩართული, 2018 წელს კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა (იმ პერიოდში საბჭოს მამამისი ხელმძღვანელობდა), რის შემდეგაც, 2022 წლის აპრილში, ვლადიმერ ევტუშენკოვმა აქციების ნაწილი შვილს გადასცა. ევროკავშირმა ფელიქს ევტუშენკოვი დასანქცირებულთა სიაში შეიყვანა, რადგან არის წამყვანი ბიზნესმენი, რომელიც მოქმედებს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკურ სექტორებში.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს დასანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების დაუყოვნებლივ გაყინვას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასევე, დაწესებულია მკაცრი აკრძალვა ნებისმიერი ფინანსური სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდებაზე სიებში მოხვედრილი სუბიექტებისთვის. ფიზიკური პირებისათვის, როგორიცაა ფელიქს ევტუშენკოვი, სანქციები დამატებით გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას
21-ე პაკეტის ფარგლებში სანქცირებულთა სიას დაემატა 48 ფიზიკური და 168 იურიდიული პირი, მათ შორის ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა „მტს-ბანკი“, „ურალსიბი“ და „ზენიტი“.
