ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 27 მაისს, ორშაბათს განიხილავენ. ამის შესახებ საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ დღეს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სტანოს თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალი, წევრი ქვეყნების მიერ, განისაზღვრება ბოლო მოვლენების გათვალისწინებითაც.
„ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება იმ სერიოზული მოვლენების გამო, რაც ვნახეთ განსაკუთრებით უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.
მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გავიმეორო, რომ ევროკავშირი არის პარტნიორი და მეგობარი ქართველი ხალხისა, რომლის უმრავლესობამ გამოხატა ევროპული გზით სვლის სურვილი. სწორედ ამიტომ გააკეთა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი. ხოლო განაცხადი და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნიშნავს იმას, რომ არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა შესრულდეს.
კანონი, რომელიც ახლა ისევ განიხილება საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო, საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, რადგან ამ კანონის სულისკვეთება არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს“, - თქვა პიტერ სტანომ.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან მუშაობენ იმისათვის, რათა ნათელი გახადონ, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
რამდენიმე დღის წინ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მთავრობის გამომწვევი პოზიციის საპასუხოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. გამოცემა წერდა, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემაკავებელი ზომების განხილვას მოითხოვენ. Financial Times-ს ინფორმირებულმა ადამიანებმა განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმების გარდა, განიხილება მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის დაფინანსების გაყინვა.
ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს - რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა 27-28 მაისს არის დაგეგმილი.
