ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს ამონარიდს გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის (დანია) დასკვნებიდან, რომელიც საქართველოს ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ვეტოს გამო, ევროკავშირის საბჭომ გაფართოებასთან დაკავშირებით დაკვნების დამტკიცება ვერ შეძლო და დოკუმენტი „თავმჯდომარეობის დასკვნების“ სახით გამოქვეყნდა.
„ჩვენ ვცადეთ საბჭოს დასკვნების მიღება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი გახდა. უნგრეთი გვიბლოკავს დასკვნების მიღებას. ჩვენი მცდელობები გამოსავლის მოსაძებნად უარყოფილი იქნა და ამის გამო ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ 16 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში გამართულ კონფერენციაზე.
გაფართოების შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნებში საქართველოს შესახებ წერია შემდეგი:
- საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი.
- საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროვება.
- საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს.
- საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
- საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად.
- საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.
- საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.
- საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში.
- საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს.
გამოქვეყნებულ ტექსტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ის მთავრობის მხარდაჭერა აქვს.
