ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის. ორგანიზაციის მიერ დღეს, 9 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, რაც არ არის საკმარისი დრო სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
„გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლბას მოითხოვს, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნოსადამკვირვებლო მისიის გაგზავნას.
ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, – აგნაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.
გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს, ოდირს არაერთხელ აღუნიშნავს დროული მოწვევის მნიშვნელობა სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, აღებული აქვს ვალდებულება, ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დემოკრატიული არჩევნები.
„მიუხედავად იმისა, რომ ოდირი კომენტარებს არ აკეთებს არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს ყველა სფეროში, რომელსაც მისი მანდატიფარავს, დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის ჩათვლით“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიეს. მანამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისიის მოწვევაზე უარს ამბობდა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით“, – თქვა კობახიძემ 18 ივნისს.
