ეს იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და შევიწროების წელი - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო ერთი წელი რეპრესიების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა და შევიწროების წელი იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ზურაბიშვილის თქმით, 59 სინდისის პატიმარს 2 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ციხეში იმყოფება პროევროპული პარტიების ლიდერთა 80%, რასაც ემატებიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანები.

„1200 საჯარო მოხელე გათავისუფლდა სამსახურიდან ძირითადად იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს ან „ფეისბუკ“ პოსტებით მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციას. 400-მა ჟურნალისტმა განიცადა ძალადობა ამ დემონსტრაციების დროს, სადაც იყვნენ მისული, იმიტომ, რომ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. 20 რეგიონული და ონლაინმედია დაიხურა ამ ერთი წლის განმავლობაში. ჯარიმებით ადამიანები არიან პრაქტიკულად დახრჩობილები.

ეს წელი, მაშასადამე იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა და შევიწროების წელი. ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობის წელი. ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს. ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპურ, რუსულ, ტოტალიტარულ რეჟიმს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი - ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. საია-ს სეფასებით, რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ დაჩქარებულმა და აგრესიულმა ავტოკრატიზაციის პროცესმა საქართველოში 2025 წელს შემაშფოთებელი ფორმები მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“, გარდა იმისა, რომ მთლიანად მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემები, არაკონსტიტუციური და უკანონო მექანიზმების გამოყენებით მკვეთრად დაასუსტა პოლიტიკური ოპოზიცია, ინსტიტუციურად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება, ფინანსური კრიზისისა და კოლაფსის პირას მიიყვანა მედია, ხოლო მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები საგრძნობლად შეზღუდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.