„ამ კანონით ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ. ეს არის ღალატი. მე 23 წელი ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ მაგ იარლიყს. ასლან აბაშიძის პერიოდიდან ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი. მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ“, - უთხრა „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მედიასთან შეხვედრაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„აგენტები როგორც წესი არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. წინადადება მაქვს ასეთი, მოდით, დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც, მე რომ მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი, 2010, 2011 წლისთვის, როცა მუშაობდით, ალბათ, თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს. შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე. შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული.
თქვენ მთელი დღე ლაპარაკობთ, აკრიტიკებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპარლამენტარებს. მე როცა წინა ხელისუფლება მდევნიდა, კადრებში ვნახე სოზარ სუბარი, შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ, დიდი ცოდნა შეიძლება არ გაქვთ ჩვენთან დაკავშირებით. იგივეს ამბობდა მიხეილ სააკაშვილიც, ვინ არის „ბათუმელები“, რომ მე რაღაც რეპრესიებს ვატარებდი.
მე როცა დავდევდი იმ ხელისუფლებას და ვაკრიტიკებდი, ისინი მე დამდევდნენ დღისით, ღამით, მოსვენებას არ მაძლევდნენ, თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს. მაინტერესებს, როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, როცა გასცემდით გრანტებს აქაურ ორგანიზაციებზე, აიძულებდით თუ არა მათ, ითხოვდით თუ არა მათგან, რომ ემუშავათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის, თქვენც იგივეს გაიძულებდნენ თუ არა და იღებდით თუ არა შავ ფულს?
როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არავის არ ახარებდა თქვენივე სიტყვებით და ახლა მას ომის პარტიას ეძახით, თქვენ როგორ გაიფორმეთ მილიონებად ღირებული ქონება, 10 ჰექტარ ტყეზეა ლაპარაკი.
ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით. ჩვენ ვართ მედია, რომელმაც ვაღიარეთ ეს ტექნიკური შეცდომა და თქვენ ეს გამოიყენეთ არაკეთილსინდისიერად და იძახით, რომ აი, ზუსტად ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონიო. არა, ბატონო შალვა. ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ვმუშაობთ, ტექნიკური შეცდომა დავუშვით და ვაღიარეთ, მაგრამ თქვენ კანონი დაარღვიეთ. საგადასახადო კოდექსი დაარღვიეთ, 1 ლარად შეიძინეთ 10 ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი კახეთში ალაზნის პირზე, ერთ ლარად. რატომ არ გააფორმეთ ბატონო შალვა ჩუქება და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები, რატომ შეიძინეთ ერთ ლარად. ეს კრიმინალია ბატონო შალვა, რაც ჩაიდინეთ. არც იმის წარმოდგენა მაქვს, რომ თქვენ ახლა დაგარცხვენთ, მაგრამ მე ჩემი გამოხატვის თავისუფლებით ვისარგებლებ.
შეიძლება ადეიშვილი კრიმინალია, შეიძლება ადეიშვილმა შექმნა სისტემა.
მე ვიყავი ადამიანი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადიოდა პატიმრებთან ბატონო შალვა და აშუქებდა მათ მდგომარეობას. თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც „კუდის“ სპეცსამსახურები დაჰყვებოდნენ და არ მაძლევნდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას, თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით, არსად არ იყავით. ახლა მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“, რუსული ინტერესების გამტარი? ამას ხომ ლაპარაკობთ?!
მაინტერესებს, „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა“ სიის რეგისტრაციას დაიწყებთ თუ არა 2000 წლიდან, მოხვდებით მანდ თქვენ, ბიძინა ივანიშვილი და ა.შ. მათ შორის, სოზარ სუბარი, რომელსაც ერთ დროს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, რომელიც ჩვენს გვერდით იყო მუდმივად, მაშინ, როცა გვავიწროვებდნენ.
ეს არის ღალატი, ამ კანონით ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ. ეს არის ღალატი. თქვენ პირადად, ამ დოკუმენტით ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული და დადგება დრო აუცილებლად, თქვენ საქმეს გამოიძიებს პროკურატურა იმიტომ, რომ თქვენ დამალეთ გადასახადები, ჩემი გათვლებით დაახლოებით 200 ათასი ლარი მაინც.
იმიტომ, რომ თქვენ რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება გაიფორმეთ ერთ ლარად კანონის გვერდის ავლით.
- ტყუილია ეგ, როდემდე გაცალოთ. ბოდიში ხომ მოიხადეთ ამაზე?
- ჩვენ ტექნიკურად დავაზუსტეთ, რა შეცდომაც დაუშვით. აგერ არის დოკუმენტი.
- არ შეიძლება ქალბატონო, ერთხელ ბოდიში მოიხადეთ...
- აგერ არის დოკუმენტი. თქვენ ეს ბოდიში, ინტერპრეტაცია როგორც გჩვევიათ, ისე გამოიყენეთ.
- რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. მოდით მაშინ მე გიპასუხებთ.
მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით. თქვენ მიგყავთ ეს ქვეყანა რუსეთისკენ. ამ კანონით როგორ არეგულირებთ პრიმაკოვის ფონდის შემოტანილ თანხებს, ფარცხალაძის ჩემოდნებით შემოტანილ ფულს როგორ დაარეგულირებთ. პრიმაკოვის ფონდი აქ როგორ აისახება, შემოდის რუსეთიდან ლეგალურად ფული? თქვენ ლეგალურად შემოსულ ფულს ებრძვით იმიტომ, რომ გინდათ გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია.
- თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ.
- თქვენ გამომიყვანეთ მე ჟურნალისტური სტანდარტიდან, თქვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ეს, ასლან აბაშიძემაც ვერ შეძლო. მე კითხვების დასმის იქით არასოდეს წავსულვარ, თქვენ გინდათ, რომ მე გავხდე აგენტი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“.