ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა - ავსტრიელი მინისტრი

„ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს: კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ფუნდამენტურ ღირებულებებთან დაკავშირებით! ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ღირებულებებს - ეს, არასდროს მოხდება!“ - განაცხადა ავსტრიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა „ქართული ოცნების“ მისამართით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირი ამ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული. თუ რეფორმების გატარებას მოახერხებთ, მოხარულები ვიქნებით, მოლაპარაკებები დავიწყოთ, მაგრამ თუ არა, სამწუხაროდ, ქვეყანა სწორი მიმართულებით არ მიდის. გვჯერა, რომ გზა მთავრობამ უნდა გაკაფოს საკუთარი მოქალაქეებისთვის. აშკარაა, რომ საქართველო არასწორი გზით მიდის. მოქალაქეებმა ევროპა აირჩიეს, მთავრობა კი ამას მხარს არ უჭერს; ჩვენ ვხედავთ მასშტაბურ უკუსვლას“, - აღნიშნა მაინლ-რაიზინგერმა.

დღეს ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანებამ (ALDE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - „ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა“. ALDE აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა რეგიონი რუსეთის გავლენისგან თავისუფლდება, ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსეთის უკანასკნელ „სიმაგრედ“ და სატელიტად აქცია, რომელიც შეგნებულად წყვეტს კავშირს დემოკრატიულ სამყაროსთან და ანგრევს ქვეყნის მიღწევებს.

ALDE აღიარებს ქართველი ხალხის სიმამაცეს და ევროპული ოჯახის წევრობისკენ მათ სწრაფვას, აცხადებს რა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

ამასთან, ALDE გამოხატავს შეშფოთებას დემოკრატიის უკუსვლასთან და ინსტიტუტების ნგრევასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, მათ შორის: პროტესტის მონაწილეების, სტუდენტებისა და ექიმების (მათ შორის, გიორგი ჩახუნაშვილის) დაკავებაზე; პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ელენე ხოშტარიას (რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს) და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის უკანონო პატიმრობაზე; ALDE-სთან ასოცირებული პარტიების ლიდერების სისტემურ დევნაზე.

ALDE ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს: დაუწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებზე; აამოქმედონ მკაცრი ფინანსური სანქციები რეჟიმის დამფინანსებელი ქსელების მიმართ; მოითხოვონ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ელენე ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა; გამოიყენონ დიპლომატიური და ეკონომიკური ბერკეტები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად; მკაფიოდ გაემიჯნონ რეჟიმს და მოქალაქეებს, რათა თავიდან იქნას აცილებული უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ALDE ასევე გმობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.