რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე მაღალი სიმძლავრის ბომბის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს. „ეფესბეს“ მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით მოხვდა, უშუალოდ კი საქართველოდან შევიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
როგორც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილ Chevrolet Volt-ში იყო მოთავსებული.
„მანქანამ რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთში, საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ გადაკვეთა და კერძო მძღოლ-გადამზიდავის ავტომზიდით კრასნოდარის მხარეში უნდა ჩაეყვანათ, სადაც იგეგმებოდა მისი სხვა მძღოლისთვის გადაცემა, რომელსაც ყირიმის ხიდის გავლით ის ყირიმში უნდა წაეყვანა და უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი გამხდარიყო“, - ნათქვამია FSB-ს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებულია ყველა პირი, ვინც რუსეთში ავტომობილის ჩაყვანასთან იყო დაკავშირებული.
უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყება ორგანიზატორებსა და თანამონაწილეებს „დამსახურებული და მკაცრი სასჯელით“ ემუქრება.
„ეფესბე“ აღნიშნავს, რომ 2025 წელს უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე მეორედ სცადეს, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა ყირიმის ხიდზე დივერსიისთვის გამოეყენებინათ.
„2 აპრილს, ბრესტის საბაჟოზე, ბელორუსის უსაფრთხოების ძალებმა შეაჩერეს მიკროავტობუსი, რომელიც 500 კგ-ზე მეტ სინთეზურ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა და რომელიც მსგავსი ტერორისტული თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი. შემდგომი გამოძიების დროს დააკავეს დაგეგმილი დანაშაულის თანამზრახველები, მათ შორის მძღოლი, რომელმაც ასევე არ იცოდა თავისი მისიის შესახებ და ყირიმის ხიდზე გადაადგილებისას „თვითმკვლელი ტერორისტი“ უნდა გამხდარიყო“, - აცხადებს უწყება.
საქართველო 2022 წლის ოქტომბერში, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეშიც ფიგურირებდა. რუსული მხარის მტკიცებით, აფეთქების ორგანიზებაში საქართველოს ორი მოქალაქე - სანდრო ინასარიძე და „ბროკერი ლევანიც“ მონაწილეობდნენ. „ეფესბე“ მაშინაც აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთში „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანით მოხვდა.
