ენმ, „ლელო“ და „ახალი“ – „ქართული ოცნება“ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს

„ქართული ოცნება“ მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს და აიკრძალოს სამი მსხვილი ოპოზიციური პარტია, „რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ“. ეს პარტიებია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება საკრებულეობში „ლელოს“ 59 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. ასევე, „ქართული ოცნების“ სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.

„ქართული ოცნება“ აკრძალვით ემუქრება სხვა პარტიებსაც - „იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.

„ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელის სამართალებრივი დასაბუთება ასეთია:

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადამიანის ძირითადი უფლებების სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით კი დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი“.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“ და „ლელომ“ მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე, რითაც „საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს“.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.

2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს 2022-2025 წლებში საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის თქმით, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

სარჩელის კიდევ ერთი სამართლებრივი საფუძველია „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა“ და „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას.

„კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმდებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სარჩელის ამ ნაწილში 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც მოხვდა. კერძოდ, სარჩელის ავტორების თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებები „უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა“.

საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა „არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ“. პაპუაშვილის თქმით, ეს „პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელდებდა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა

პაპუაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა „სხვა მიმართულებითაც“ ხორციელდება.

„ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული“, – თქვა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს მცდელობები მოიცავს: „ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს; ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს; საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.