ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევაზე საკონსტიტუციოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ის ცვლილებები გაასაჩივრა, რომელთა მიხედვითაც, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეგულაციები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების წართმევის მცდელობაა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღო.

„2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა მანიპულაციების, „კარუსელის“ დატრიალებისა და ზეწოლის საშუალება, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 13% მიიღო და დამარცხდა. ამის პასუხად, მათ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს საარჩევნო ხმის უფლება პრაქტიკულად წაართვეს“, - განაცხადა სიორიძემ.

მან კოალიციის სახელით ემიგრანტებს მოუწოდა, ჩაერთონ საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად დაწყებულ სამართლებრივ დავაში - თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, ხოლო კვალიფიციური იურისტები მათ სასამართლოში უსასყიდლოდ დაიცავენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას სასამართლოს მიმართ დიდი მოლოდინები არ აქვს, ისინი ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმებით აგრძელებენ.

დავის საგანს წარმოადგენს 2025 წლის დეკემბერში „საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებები. ახალი რედაქციის თანახმად, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება, რაც საზღვარგარეთ უბნების გახსნას გამორიცხავს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცვლილებას „თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციით“ ამართლებს. თუმცა, ოპოზიციისა და იურისტების შეფასებით, ეს არის ხელოვნური ბარიერი, რომელიც ემიგრანტებს ფინანსური და სოციალური მიზეზების გამო საკუთარ უფლებაზე უარის თქმას აიძულებს. მათივე თქმით, საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრულფასოვანი შესაძლებლობა, პროცესი გარე ჩარევის გარეშე უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესული ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) გაასაჩივრა საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეების სახელით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.