რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის დაზიანების საქმეზე გასამართლებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდნენ. მათ ციხე დღეს, 14 ნოემბერს დატოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან პოლიციის მიერ დროებით განთავსებული რკინის ჯებირი ჯგუფურად დააზიანეს, რითაც სახელმწიფოს 400 ლარის ოდენობის ზიანის მიაყენეს. ფაქტობრივი ზიანი 250 ლარს შეადგენდა, ხოლო 150 ლარი ხელობის ღირებულება იყო.
დაკავებულები ჯგუფურ დანაშაულს არ აღიარებდნენ. საქმეზე სასამართლო პროცესები არაერთხელ გადაიდო - ხან მოსამართლის, ხან კი პროკურორის მიზეზით. დაკავებულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ განაჩენის გამოცხადება მიზანმიმართულად ჭიანურდებოდა, რათა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მსჯავრდებულთა შეწყალება ვერ მოესწრო.
2025 წლის 20 იანვარს ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მათ აღიარეს წარდგენილი ბრალი - სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად. ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, თუმცა, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის კანონით, სასჯელი 1/6-ით შეუმცირდათ და საბოლოო სასჯელად 2 წელი და 6 თვე განესაზღვრათ. აქედან წელიწადი და 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო ერთი წელი პირობითი სასჯელია.
„ვიყავი იქ და დავაზიანე, მაგრამ ვამაყობ, რომ ხალხის გვერდით ვიდექი და არა უკან. მეამაყება, რომ პატიოსანი ადამიანების გვერდით ვიდექი“, – თქვა ოკრიბელაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.
„არ მინდოდა საპროცესოზე წასვლა, მაგრამ იყო ლაპარაკი, თითქოს, ვისთან ერთადაც ვიყავი დაჭერილი, ჩემი ბრალი იყო, რომ ციხეში იჯდა. ამიტომ მოვაწერე ხელი საპროცესოს, რომ გარეთ გასულიყო, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასაღიარებელი არც მქონდა არაფერი, რადგან ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ ციხეში ვყოფილიყავი“, – უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ მეფარიშვილმა. ის ისევ აპირებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.
20 წლის ოკრიბელაშვილი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, ხოლო 24 წლის მეფარიშვილი - გურიაში, ლაითურის ციხეში. მათ საპატიმროში საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ათი თვე გაატარეს.
