რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის

რუსეთის გენპროკურატურამ ალეკო ელისაშვილის ფოტო „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა და ქართველი პოლიტიკოსი რუსოფობად მოიხსენია

საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და ოპოზიციური კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო დაუსწრებლად გაასამართლებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის განცხადებით, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პროკურატურამ დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა 47 წლის საქართველოს მოქალაქის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. ელისაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს.

„სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა“, - აცხადებს რუსეთის გენპროკურატურა.

4 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალეკო ელისაშვილი 2022 წლის მარტში, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩავიდა, სადაც დაქირავებული მებრძოლის სტატუსით შეუერთდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

„სასწავლო ბაზების ტერიტორიაზე მან გაიარა სამხედრო წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავდა საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარების შეძენას, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის აუცილებელი სტრატეგიის, ტაქტიკისა და მოქმედების მეთოდების შესწავლას, უზრუნველყოფილი იყო პირადი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფორმებითა და სპეციალური აღჭურვილობით. ამის შემდეგ, ელისაშვილი, ანაზღაურების სანაცვლოდ, მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ბრძოლებში, მათ შორის კიევის ოლქის ირპენის ქალაქისთვის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში. ამ ქმედებებისთვის დაქირავებულმა პირმა მატერიალური კომპენსაცია მიიღო“, - ვკითხულობთ გენპროკურატურის განცხადებაში.

რუსეთის გენპროკურატურამ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისი ფოტო სოციალურ ქსელ „ტელეგრამშიც“ გამოაქვეყნა. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იქ რუსოფობად არის მოხსენიებული.

„ცივილიზაციის მტერი ქვეყანა თუ გეძებს, ესე იგი სწორად გიცხოვრია. კი, მე ვიყავი უცხოელთა ლეგიონში უკრაინაში. იქ ვმსახურობდი რიგითად. ერთადერთი გული რაზეც მწყდება - სულ 4 დღე ვიყავი საბრძოლო მოქმედებებში, თვენახევარი კი ვიყავი უკრაინაში. ჩემზე არ იყო დამოკიდებული. გული იმაზე მწყდება, უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და მეტი ოკუპანტი რატომ არ გავუშვი იქით“, - ამბობდა ალეკო ელისაშვილი 2024 წლის დეკემბერში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.