რუსმა მილიარდერმა, პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა საქართველოში სტუმრობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესსა და საინვესტიციო გარემოს აქებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
დუროვის განცხადებით, საქართველო „მსხვილ ბიზნესჰაბად“ ყალიბდება. მან ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის:
„საქართველო მსხვილ ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წელიწადში 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები იხდიან 0%-იან კორპორატიულ გადასახადს და მხოლოდ 5%-ს დივიდენდებსა და ხელფასებზე“.
მან ასევე დაამატა, რომ საქართველო არის „სერიოზულად დაუფასებელი ადგილი სტუმრობისა და ბიზნესის კეთებისთვის“.
ამასთანავე, Telegram-ის პირად არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ გეგმავს საქართველოში კვლავ დაბრუნებას „ძალიან მალე“.
ინფორმაცია პაველ დუროვის საქართველოში ყოფნის შესახებ 24 ივნისს გავრცელდა. იგი ნახეს თბილისის პარკებსა და რესტორნებში, მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა მისი ბათუმში ვიზიტის შესახებაც, რომლის ფარგლებში დუროვი შეხვდა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვახტანგ თურნავას, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა. თურნავას განცხადებით, დუროვს საქართველოს IT სექტორის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ვიზიტს მიესალმა. „ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი... ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.
პაველ დუროვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური მეწარმეა, რომელმაც სოციალური ქსელი „ВКонтакте“ და მესენჯერი Telegram შექმნა. 2026 წლის გაზაფხულზე Forbes-მა მისი ქონება 6.6 მილიარდ დოლარად შეაფასა.
ამჟამად დუროვი დუბაიში ცხოვრობს და აქტიურად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას ინტერნეტ-პლატფორმებზე ზეწოლის გამო. რუსეთში Telegram-ზე წვდომის შეზღუდვების გასულ წელს დაიწყო, 2026 წლის დასაწყისში კი მესენჯერის მუშაობის შეფერხების მცდელობები გაძლიერდა, რის მიზეზადაც ხელისუფლებამ Telegram-ის რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. დუროვს მიაჩნია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ქვეყანას ათწლეულებით უკან ხევს და აიძულებს ტექნოლოგიურ დეველოპერებს, დატოვონ რუსეთი.
2024 წლიდან საფრანგეთში დუროვის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს Telegram-ის მეშვეობით არალეგალური საქმიანობის, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მასალების ტირაჟირების ხელშეწყობის ბრალდებით.
2026 წლის თებერვალში სისხლის სამართლის საქმე რუსეთშიც აღიძრა, სადაც მას ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას ედავებიან. თავად დუროვი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
