საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების „ფაილი დახურულია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
- 6 „წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო“ – კუპრაძე „ლელოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელზე
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დიპლომატმა აღნიშნა, რომ გერმანია ეთანხმება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
„საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. თუმცა ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის - თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში.
თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს ფაილი დახურულია - არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით კი, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც აღარავინ ევროკავშირში.
დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ - ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო. არ მგონია, ამ ქმედებების ხელახლა ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა - გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ირღვევა. პოლიტიკური პარტიები ნადგურდება. ზოგიერთი ციხეში ჩასვეს; გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი. დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
გერმანიის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს, თურქეთის მსგავსად, რჩება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირი არ კარგავს იმედს, რომ ქვეყანა გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს ჩამოაშორა“. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით და დასძინა, რომ ალბათ, გაფართოების შესახებ არცერთ ანგარიშში არ ყოფილა ამდენი საუბარი უკუსვლაზე. კოსის განცხადებით, კომისიისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
