„ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რიგ რეიტინგებში საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე წინაა, არამედ ევროკავშირის 14 და NATO-ს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას უსწრებს.
„ეს არის რეალობა და ნუ გწყინთ, მეგობრებო, ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინა შარშან დაინტერესებული იყო, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაგვიდასტურა.
ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ უკრაინასთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს... უკრაინელ ხალხთან... მე ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი, მინდა რომ მათ ვუსურვო, კიდევ ერთხელ, მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და მალე დასრულდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, ევროკომისიამ სამივე ქვეყანას, გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, რეკომენდაციები მისცა.
ევროკავშირი მზად არის, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. რეკომენდაციებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.
2023 წლის 22 ივნისს ევროკომისიამ ზეპირი მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 12 რეკომენდაციიდან შესრულებული ჰქონდა მხოლოდ სამი რეკომენდაცია, გარკვეული პროგრესი იყო 7 რეკომენდაციის მიმართულებით, ერთზე, დეოლიგარქიზაციაზე კი - შეზღუდული პროგრესი. მედია ერთადერთი სფერო იყო, სადაც, 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ჰქონდა.
ევროკომისია საბოლოო შეფასებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
