დღეს, 1-ელ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
პროცესზე, რომელიც 13:00 საათიდან დაიწყება, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. არ არის გამორიცხული, განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
„ძალიან რთულია, რომ პროგნოზები გავაკეთოთ. ძალიან რთულია რაიმე მოლოდინი გვქონდეს, მით უმეტეს, პოზიტიური მოლოდინი იქიდან გამომდინარე, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვუყურებთ, რაც მზიას გარშემო ხდება, რაც ხდება სხვა სინდისის პატიმრების გარშემო და ზოგადად, ქვეყანაში“, - თქვა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში თამარ რუხაძემ, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
„ჩვენ სამართლიანი სახელმწიფო და სამართლიანი სასამართლო რომ გვქონოდა, საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავით აქ დღეს, ეს პროცესი და ეს დასკვნითი სხდომა საერთოდ არ უნდა არსებულიყო და მზია ამაღლობელიც არ უნდა ყოფილიყო პატიმარი.
მაგრამ ეს ადასტურებს ზუსტად იმას, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ უსამართლო სახელმწიფოში, რომელსაც არ მართავენ დემოკრატიული ღირებულებებით, არამედ მართავენ სხვა ღირებულებებით, რომლის წინააღმდეგაც მზია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა და ცდილობდა, თითოეული მოქალაქის უფლებები ყოფილიყო დაცული.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს, შესაძლოა, სიმბოლურიც არის, რომ სწორედ მზიაა ის ადამიანი, რომელიც დღეს დგას დამოუკიდებელი მედიის გადარჩენის გზაზე, რადგან განაჩენი, რაც არ უნდა იყოს ის, არ იქნება მხოლოდ მზიასთვის გამოტანილი განაჩენი. ეს იქნება მთლიანად სიტყვის თავისუფლების გასამართლება“, - განაცხადა თამარ რუხაძემ.
ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად დღესაც, ისევე როგორც ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გამართულ ყველა პროცესზე, მისი კოლეგები და აქტივისტები ჩავიდნენ. სხდომას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
დასკვნით სხდომამდე ერთი დღით ადრე, მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ათზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და „ქართულ ოცნებას“ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება გადამეტებული და პოლიტიკურად მოტივირებულია.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
