თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ რუსული კანონისთვის ხმის მიცემისა და საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო უნდა სცხვენოდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
მარიამ წიწიკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისივე თქმით, ინციდენტის მხოლოდ ერთ ნაწილს ასახავს. „გაეთრიე“, - ასე მიმართავს დეპუტატი მოქალაქეს, მას თავხედს, უზრდელსა და გაუზრდელს უწოდებს. ამასთან, მარიამ წიწიკაშვილს რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტის შვილია, ვიქტორ ჯაფარიძე პასუხობს - „გეტყობა“.
მარიამის თქმით, ინციდენტი დასრულებული იყო, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა მას და მის მეგობარს, ირინა გურგენაშვილს პასპორტები ჩამოართვეს.
„ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა უწყების შავებში ჩაცმული წარმომადგენლები მხოლოდ ჩვენი სამუშაო ადგილით ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, მე გამომიცხადეს, რომ 166-ე მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, როგორც „წვრილმანი ხულიგანი“ დამაპატიმრეს, ირინას კი გამოუცხადეს, რომ ბორტზე არ აუშვებდნენ და გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს. ჩემი სასამართლო მალევე გაიმართა, თუმცა, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, პროცესი 19 ივნისამდე გადაიდო. პოლიცია, ალბათ, იმ ადამიანებს ეძებს, ვისი სიმშვიდეც „დაირღვა“, - აღნიშნავს წიწიკაშვილი, რომელიც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) თანამშრომელია.
ორგანიზაციის შეფასებით, მარიამ წიწიკაშვილი უკანონოდ დააკავეს, რასაც ანგარიშსწორების სახე ჰქონდა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მომხდარის გამო პოლიციას ვიქტორ ჯაფარიძე არ შეუფერხებია და ის „თავისუფლად გაფრინდა“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს საჯარო სივრცეში აკრიტიკებენ. მოქალაქეების უკმაყოფილება მოისმინეს უმრავლესობის სხვა წევრებმაც - ელისო ბოლქვაძემ, ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ.
„რუსული კანონი სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზების ფონზე, უსაფრთხოების ხან წითელი და ხან ყვითელი დონის გამოცხადებით მიიღეს. რადგან მათ პარლამენტი ჩაგვიკეტეს, უნდა იცოდნენ, რომ ადამიანები გასცემენ პასუხს, სიმართლეს ვეტყვით მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ყველგან, სადაც ვნახავთ“, - თქვა მარიამ წიწიკაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ რეაგირებს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობის ფაქტებზე. 7 ივნისს, სტუდენტური მოძრაობის ლიდერ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმისთვის დღემდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდო დამნაშავეები ჩანან.
