„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას უპასუხა. საოკუპაციო რეჟიმმა კობახიძის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება საქართველოსთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად გამოიყენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე ირაკლი კობახიძის სიტყვები მოიყვანა იმის დასტურად, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ომის დამნაშავეა“ და შესაბამისად, „პასუხისმგებლობა მთელ ქვეყანას უნდა დაეკისროს“.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დე ფაქტო წარმონაქმნების პოზიცია თბილისისთვის საინტერესო არ არის.
„პირველ რიგში, არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა. ასეთი ერთეულები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები, რა განცხადებას აკეთებენ.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები“, – განაცხადა კობახიძემ შინდისის ბრძოლის მე-18 წლისთავზე.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს დაუჭირა მხარი. მისი მტკიცებით, ის მხოლოდ იმ ფაქტებს იმეორებს, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტშია დაფიქსირებული.
„რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ [„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“] ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. იქ გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ... თქვენს პარტიას მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციაზე ხელმოწერით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის 7 აგვისტოს დაწყება აღიარა.
რეალურად, დოკუმენტში საუბარია არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალ ეტაპზე და ნათქვამია, რომ კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო. თავის მხრივ, ოპოზიცია ამ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისა და რუსული ჯარის შემოსვლის თარიღად 8 აგვისტო დაასახელა, ხოლო 7 აგვისტოს მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა: „7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“.
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყება ამ განცხადებას 9 აგვისტოს გამოეხმაურა და კობახიძის სიტყვები თბილისის მხრიდან „ოფიციალურ აღიარებად“ შეაფასა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, პასუხისმგებლობა მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტს არ ეკისრება და ამაზე პასუხი მთელმა ქვეყანას უნდა აგოს.
