„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ორი დღის წინ მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
საელჩო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში „აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი დააინიცირეს, რომელთაგან ერთ-ერთი („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ) 7 მარტს, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით იქნა მიღებული.
7-8 მარტს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების 134 მონაწილე დააკავა.
9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან გაიწვევს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტის უახლოეს სხდომაზე ჩააგდებენ და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას „უკან ვერავინ წაიღებს“. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, როგორც მდინარაძე ამბობს, ის უკვე გამოწვეულია.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ითხოვენ პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს.
