საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ მზია ამაღლოებელმა სამართლიანი სასამართლო უნდა მიიღოს.
„მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან არაერთი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა: მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხეს, დააზიანეს და შემდეგ სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ეს პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე აღიარეს და ამის მიუხედავად, დაუსჯელობამ გაიმარჯვა.
სასამართლო პროცესი სავსე იყო პროცედურული დარღვევებითა და მიკერძოებით, სასამართლომ უარი თქვა დაცვის მხარის არგუმენტების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებაზე და პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ბრალდებების გამოძიებაზე.
მზია ამაღლობელმა უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო პროცესი და და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, მის მიერ განცდილი ძალადობა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა.
დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა.
მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. ამის მიუხედავად, ნინო სახელაშვილმა ჯარიმა არ გამოიყენა.
ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მზია ამაღლობელი თითქმის შვიდი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სასამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.
დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
ამაღლობელმა უარი თქვა პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა“.
