კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
შეკითხვაზე, თუ საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა, ეს პირველ რიგში ვისი პასუხისმგებლობა იქნება, გამოკითხულთა 51%-მა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. 13% პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებს, 5% კი – ოპოზიციას.
კვლევის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო მეტად მიიჩნევენ პასუხისმგებლად „ქართულ ოცნებას“/ივანიშვილს, ვიდრე უფროსი ასაკის მოქალაქეები. ასევე, დედაქალაქში მცხოვრებნი მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აკისრებენ, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებნი.
„საინტერესოა, რომ განათლების დონის მიხედვით ამ ნაწილში დიდი განსხვავებები არ გამოიკვეთა“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო რვა წლის განმავლობაში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობის 22%-მა ერთხელ მაინც იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ. ახალგაზრდებში (18-34) ეს მაჩვენებელი 33%-ს აღწევს, საშუალო ასაკის მოქალაქეებში – 23%-ს, ხოლო უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 12%-ს. კაცების უფრო დიდი ნაწილი (26%) იყო ევროკავშირში უვიზოდ, ვიდრე ქალების (18%). CRRC-ის კვლევის მიხედვით, დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს უფრო მეტად უმოგზაურიათ უვიზოდ, ვიდრე სოფლის ან განათლების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს.
კვლევის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ პროდასავლურადაა განწყობილი და ევროკავშირში გაწევრიანებას ფართო მხარდაჭერა აქვს – გამოკითხულთა 78% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიენების გზას. 18-34 წლის ახალგაზრდებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 86% შეადგენს, ხოლო 35-54 ასაკის კატეგორიაში - 76%-ია.
კვლევის თანახმად, უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მაჩვენებლები მცირედით იკლებს, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებას მაინც დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს: 35-54 წლის კატეგორიაში 76%, ხოლო 55+ ასაკობრივ ჯგუფში – 71%. სქესის მიხედვით განსხვავება პრაქტიკულად არ ფიქსირდება, თუმცა, დედაქალაქის მოსახლეობაში მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.
ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.
