სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს, გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიწყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კოალიციის სპიკერმა ლონდა თოლორაიამ დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემაში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობაზე ისაუბრა. მან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად მისი მოადგილე, გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი, გიორგი ჯავახიშვილიც დაასახელა.
თოლორაიას თქმით, ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა და ბიულეტენები დაბეჭდა თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს.
„ცესკოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ/ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას მაშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩეველის ნება როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, ასევე, კენჭისყრის კაბინებთან და ხმის მთვლელ აპარატებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისივე თქმით, ცესკომ არჩევნებამდე ორი თვითა და 9 დღით ადრე უკანონოდ, თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე.
„ამ ცვლილების შედეგად, აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის გახდა შეუძლებელი. ამასთან, ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ, გაამარტივა დაშესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი დაქვემდებარება.
ცესკოს ამავე გადაწყვეტილებამ განაპირობა ნაკადის რეგულირებასა და მარკირების პროცედურებზე პასუხიმგებელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის ამ ფუნქციების გაუმჭვირვლე პროცესით მინიჭება. არჩევნების დღის განმავლობაში მარკირების წესის დაუცველობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაყალბების სქემის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მარკირების განუხორციელებლობამ გახადა შესაძლებელი სხვისი პირადობის მოწმობითა და სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემა.
ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო - საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი ყოფილიყო პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება“, - განაცხადა თოლორაიამ.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს მტკიცებულებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე, სხვა პირებს მიაცემინა ხმა, რაც „წარმოუდგენელია განხორციელებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობს გარეშე“.
„ცესკოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, არ გაეხსნათ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები, გაზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა ვინც ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ცესკოს ამ გადაწყვეტილებამ, ხელი შეუწყო მმართველი პარტიის გეგმას – სხვა პირებს მიეცათ ხმა იმ პირების ნაცვლად, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში ან/და რეგისტრაციის მისამართზე.
არჩევნების დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის უფლება, რადგან ისინი თითქოს გადასატანი ყუთების სიაში იყვნენ და მათ ხმა უკვე მიცემული ქონდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მათ ბინებში მიდიოდნენ და ჰპირდებოდნენ გადასატანი ყუთის სიებში შეყვანას და არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სახლში მოტანას, თუმცა არჩევნების დღეს გადასატანი ყუთი მათთან არ მოუტანიათ და შესაბამისად, ხმის მიცემა შეეზღუდათ. მაღალი ალბათობით, მათ ნაცვლად ხმა სხვა პირებმა მისცეს.
საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე, რამდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტი ამომრჩევლების რიცხვი მაღალი იყო, ხმის მიცემის პროცესი გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი რეგისტრატორების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მთლიანად საარჩევნო პროცესი – ბევრმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა, ასევე, საფრთხე შეექმნა ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობას“, - თქვა ლონდა თოლორაიამ.
სადამკვირვებლო კოალიციაში ასევე განაცხადეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და თავმჯდომარეებად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების დანიშვნის მიზანი „მაშტაბური გაყალბების სქემის“ განხორციელება იყო.
კოალიციაში აღნიშნეს, რომ ცესკოს აკრედიტაცია გაცემული ქონდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის, NTV-ს მიერ აკრედიტირებულ რუს პროპაგანდისტ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დამრღვევ ალექსანდრ მალკევიჩზე. მალკევიჩი ძებნილია აშშ-ის სპეც სამსახურების მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით და ჯილდოდ დაწესებულია 10 მლნ დოლარი. მის აკდრედიტაციაზე ცესკოს მდივანია პასუხისმგებელი.
„ჩემი ხმის“ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ რეაგირებდა არჩვნების დღეს დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე და არც კომისიის წევრებს, შესაბამის სამსახურებს მოუწოდებდა რეაგირებისკენ, რაც „აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ცესკოსთვის მისაღები იყო საარჩევნო უბნებზე განვითარებული მოვლენები“.
„მმართველმა პარტიამ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის მიზნით, შეცვალა კანონი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა. როგორც დღეს ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვნელოვანი საარჩევნო პერიოდში პარტიის ინტერესების გატარების მიზნით. ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი“, - თოლორაიამ აღნიშნა, რომ დასახელებული პირების მხრიდან სახეზეა სულ მცირე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში, იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე მუხლი).
ამასთან, სადამკვირვებლო კოალიციაში მიიჩნევენ, რომ „ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საგამოძიებო სამსახურები, მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია“.