ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. 20 მარტს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „რუსეთში არსებული ტერორისტული რეჟიმი“ ცდილობს, თავისი გავლენის სფერო უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყნებზე გაავრცელოს, რასაც თან ომის დანაშაულები ახლავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
„ამიტომ ჩეხეთის რესპუბლიკის ფუნდამენტური ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ იყოს წარმატებული, უკრაინამ დაიცვას თავი, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროპის წინააღმდეგ რუსეთის რეჟიმის აგრესია შეკავებული იქნეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც 19-საათიანი დებატების შემდეგ მიიღეს.
მმართველი კოალიციის მიერ წარდგენილი რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა, 42-მა თავი შეიკავა, ხოლო 17 წინააღმდეგი იყო.
პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მათ შორის, მისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გზით. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ჩეხეთის ინტერესებშია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა, რომელიც საერთაშორისო სტრუქტურებში მტკიცედ არის წარმოდგენილი.
„სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეწყვეტას, პირიქით, შედეგად მოჰყვება რუსული ტერორისტული რეჟიმის მიერ უკრაინის დაპყრობა, დანგრევა და ამ რეჟიმის წახალისება, გააგრძელოს ევროპული სახელმწიფოების დაპყრობა.
თუ უკრაინა პუტინის ტერიროსტული რეჟიმის ხელში აღმოჩნდება, ეჭვგარეშეა, რომ გაგრძელდება მცდელობები ბალტიის ან ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართულებით მისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად. პუტინმა უკვე დაამტკიცა, რომ ერთი ტერიტორიის დაპყრობა არ გააჩერებს. დაშოშმინების პოლიტიკა არ მუშაობს - ისევე, როგორც არ მუშაობდა ჰიტლერთან“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან ერთად, პარლამენტარებმა მთავრობას მიმართეს, ჩეხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება გააგრძელოს.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა. იგივე გააკეთეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტებმაც.
