ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა 15 აგვისტოდან სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის

ხვალიდან, 15 აგვისტოდან, ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურანლობის პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მართვაში გადავა. როგორც „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სარჯველაძის თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან სახელმწიფო სერვისს საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიმართა.

„პრაქტიკულად, ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში უფასოდ. ამ პირთა რიცხვი შეადგენს 1512-ს. დაახლოებით 100-მდე ადამიანს ვერ დაერთოთ ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები. ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, რომ ცალკე, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე მიიღება ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

მოგვმართეს ცალკეულ შემთხვევებში პირებმა, რომელთა შესახებ ინფორმაციაც შესაბამისმა კერძო დაწესებულებამ არ დაადასტურა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად. ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც არ მოუმართავთ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ შეგვიძლია თქმა. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც. მაგალითად, პაციენტის და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში არის სხვაობა დოზების შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალურად აღარ შევჩერდებით ამ საკითხებზე. ვიტყვით, რომ 100-ს არ აღემატება ასეთ შემთხვევათა რიცხვი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია, რომელიც 11 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მომართვის პერიოდში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში. ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში და ხვალიდანვე იქნება მათთვის ასეთი რამ შესაძლებელი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა დავიწყოთ მუშაობა იმ პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვაზე, რომლებიც მუშაობდნენ კერძო ცენტრებში. ასეთ ექიმთა რიცხვი დაახლოებით არის 60, რასაც დაემატება ექთნების კონტინგენტი. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროს შემდგომი რეფორმირებისთვის“, - აღნიშნა სარჯველაძემ და წარმატება უსურვა „თითოეულ ბენეფიციარს, რომ შეძლონ, დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ჰქვია ნარკოდამოკიდებულება“.

ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია ორი პრეპარატი - მეთადონი და სუბოქსონი (ბუპრენორფინი-ნალოქსონი). მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია მხოლოდ სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, ხოლო სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპია დღემდე ხორციელდებოდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2 ივლისს დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რის შედეგადაც, ნარკომომხმარებლები თერაპიას კერძო კლინიკებში ვეღარ გაივლიან. ცვლილებების ავტორები განმარტავდნენ, რომ ქვეყანაში ჩანაცვლებითი თერაპიით 15 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, საიდანაც 12 000-მდე - სახელმწიფო პროგრამაშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.