თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 3 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 5 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 6 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომლის მიუკერძოებლობას ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებდნენ და აცილებას ითხოვდნენ. მოსამართლედ გამოსაცდელი ვადით დანიშნული ლელა მარიდაშვილი 2017-2023 წლებში, „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ყოფილ საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს და ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვთ წარდგენილი:
- 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- 317-ე მუხლი - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
„დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, აქეთ მურთაზი, იქით - მე, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ?
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი [თორნიკე მარსაგიშვილი] 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბენ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს... ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა - რეჟიმს“, - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე პაატა ბურჭულაძემ.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ „შინაგანად კანონმორჩილი“ ადამიანია, თუმცა, ეს შეგრძნება დაკარგა.
„უცებ გავგიჟდი, დავკარგე ეს შეგრძნება, ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანა მოვარჩინო-მეთქი. მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება“, - განაცხადა მან.
ირაკლი ნადირაძის თქმით, „თუ ვინმემ თავზე დაიმხო კონსტიტუცია, ეს ბიძინა ივანიშვილია“.
„განგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა და ეგ ბრალი წაუყენეთ ბიძინა ივანიშვილს ბატონო პროკურორებო. [...] საქართველო ეკუთვნის ხალხს და ყველა სტრატეგიული შენობაც ეკუთვნის ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ შენობებში სხედან ხელისუფლების მიმტაცებელი მაღალჩინოსნები, რომლებიც იმით არიან დაკავებულები, როგორ მოიპარონ და იცხოვრონ ხალხის ხარჯზე, მათ შორის, ამ პოლიციელების ხარჯზე. სტრატეგიული შენობების დაკავებაზეც ბრალი წაუყენეთ ბიძინა ივანიშვილს.
არსად გაქცევას და დამალვას არ ვაპირებ. თუ სადმე ვინმეს უნდა, რომ წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. პატიმრობას დიდი სიმშვიდით მივიღებ, რადგან რეჟიმს ჰყავს ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე სიმპათიური სინდისის პატიმრები, მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის“, - თქვა ნადირაძემ.
მისამართლეს მიმართა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემაც, რომელსაც ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა (ჩადენილი ჯგუფურად), ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედება. მან პარალელი 1924 წლის აჯანყებასთან გაავლო, თუმცა, აღნიშნა, რომ აჯანყებულების ბედს არ გაიზიარებენ და გაიმარჯვებენ.
„ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი. მშვიდობიანი ბრძოლა ძალიან სპეციფიკურია. ის, რომ მე დღეს აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო“, - აღნიშნა ბერიძემ.
რაც შეეხება პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს, პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. როგორც მან თქვა, აქციას მხარს უჭერს, თუმცა ორგანიზატორი არ ყოფილა.
„სურათის გადაღების გარდა, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა, ორგანიზებული ჯგუფიო. სურათი ვისაც აქვს ბატონ პაატასთან გადაღებული, ყველას თუ დაიჭერთ...“, - მანჯგალაძის თქმით, ის კონსტიტუციონალისტია და იცის, „რა ფარგლებში“ მოქმედებდა.
„ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება. ამაზე მეტი არაფერი მითქვამს და არ ვამბობ. ეს ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ზოგთან ერთად ვსწავლობდი, ზოგთან ერთად პარლამენტში ვიჯექი. ძალიან კარგად მიცნობენ. გარდა მშვიდობიანობისა, სხვა მიზანი არ მქონია. მე არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც სადღაც იმალება და ჩირგვებში მირბის. არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, 2020-2024 წლებში პარლამენტის წევრმა.
პროკურატურის მტიცებით, პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს „დანაშაულებრივი გეგმა“ გამოაცხადა, „რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.“
„მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. [...] მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ნოემბერს გაიმართება.
