ბოჭორიშვილი: EU-სგან ქართული მხარის ლეგიტიმური პირობების გათვალისწინებას მოველით

ბრიუსელში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს „ლეგიტიმური პირობების“ გათვალისწინებას მოელის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების საკითხი, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „არანაირ სამომავლო ნაბიჯებზე საუბარი არ ყოფილა“.

„ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გავცვალეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ევროპული მხარისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია და წარმოგვედგინა ქართული მხარის პოზიციები სავიზო დიალოგსა და, კონკრეტულად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ველოდებით, რომ ევროკავშირი მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებსა და პირობებს, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს“, – განაცხადა ყირგიზეთში ვიზიტით მყოფმა ბოჭორიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ბოლო შეხვედრა არ ყოფილა.

საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი გიორგი ტაბატაძე წარმოადგენდა. მისი შეფასებით, შეხვედრამ პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა და მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს.

თუმცა, ქართული მხარის ოპტიმიზმის მიუხედავად, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას შეხვედრას „საკმაოდ უნაყოფო“ უწოდა. მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დაიცვეს ის კანონები, რომელთა გაუქმებისკენაც ბრიუსელი თბილისს დიდი ხანია მოუწოდებს.

ბრიუსელში 11 ივნისს გამართული სამუშაო შეხვედრა ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილია. ის მას შემდეგ დაინიშნა, რაც ევროკავშირმა საქართველოს მიმართ ვიზების შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი აამოქმედა. წესების თანახმად, ევროკომისია ვალდებულია, არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით, მესამე ქვეყანასთან დიალოგი დაიწყოს.

2026 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საწყის ეტაპზე, 12 თვის ვადით შეჩერდა. ევროკომისიის გაფრთხილებით, თუ საქართველოს ხელისუფლება მმართველობისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებს, ზომები შესაძლოა კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს და საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებზეც გავრცელდეს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს არ იზიარებს და ბრიუსელს „შანტაჟში“ ადანაშაულებს.

„სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე ჩავკეტეთ ყველა გზა შანტაჟისთვის და დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი... კონკრეტული ძალები ცდილობენ, ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ 12 ივნისს.

ევროკავშირის განმარტებით, მექანიზმის ამოქმედების საფუძველი ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა გახდა.

ევროკომისიის ანგარიშების თანახმად, მთავარ გამოწვევებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკუსვლა და ე.წ. რუსული კანონის მიღება. ამასთან, ევროპული მხარე ხაზს უსვამს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პრობლემას: საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეთანხმება აქვს 26 ისეთ ქვეყანასთან (მათ შორის ჩინეთთან), რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.