ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები აგინებდნენ. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, – „ბათუმელების“ ცნობით, გავრცელებულ ვიდეოში ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი ამ სიტყვებით ემუქრება და აგინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
პროკურატურამ დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურამ დგებუაძეს უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ღამით, აჭარის პოლიციის მმთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა სამმართველოს შენობის კედელზე პლაკატის - წარწერით „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“ - გაკვრის გამო. მანამდე, ამავე საბაბით სამმართველოსთან მიმდინარე აქციის სხვა მონაწილეების დაკავებაც მოხდა. ამაღლობელი და კიდევ სამი ქალი აქტივისტი დაახლოებით ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მზია ამაღლობელი მიმდინარე აქციაზე დარჩა. „ბათუმელების“ ცნობით, პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა აქციის ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მონაწილე. ორივე დაკავებული ამაღლობელის ახლობლები იყვნენ. პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი ხელმეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
ონლაინგამოცემების ხელმძღვანელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, რაც დაცვის უფლების დარღვევაა. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მზია ამაღლობელის დაკავება „წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაციაა“ და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.
დღეს, 13 იანვარს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
