ბათუმის ნავსადგურში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით, უკვე 23 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე ქალია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქის დასათვალიერებლად საკრუიზო გემი ავტობუსებით, პოლიციის დახმარებით და აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე დატოვა. მანამდე გემზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ განაცხადა, ეს სტანდარტული პროცედურა იყო.
„ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, არის სტანდარტული პროცედურა - პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ საკრუიზო გემზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დგებუაძემ.
სოჭის პორტიდან 29 ივლისს გასული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლის მგზავრებს შორის რუსი ტურისტები არიან, დღეს, გამთენიისას თურქეთის ქალაქ ტრაპიზონიდან ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. ბათუმის პორტში აქციის მონაწილეები გვიან ღამით შეიკრიბნენ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, ასევე წარწერებით „რუსეთი ოკუპანტია“. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა.
რუსული საკრუიზო გემი ბათუმში დღის ბოლომდე დარჩება.
ბოლო ერთ კვირაში Astoria Grande ქართულ პორტში უკვე მეორედ შემოვიდა. 27 ივლისს კრუიზის მგზავრები ბათუმიდან საპროტესტო აქციით გააცილეს, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდა. ამჯერად ბორტზე რუსული ესტრადის მომღერლები და მუსიკალური არხის RU.TV-ის წამყვანებიც იმყოფებიან.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ Astoria Grande-ს თურქული საკრუიზო კომპანია ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, მას პორტში შემოსვლის უფლება აქვს.
Astoria Grande-ს საკრუიზო მარშრუტში ბათუმი წელს პირველად ჩართეს. მანამდე პროგრამაში თურქეთის ქალაქების - ტრაპიზონის, ამასრასა და სტამბოლის მონახულება შედიოდა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი ანალოგიური მოგზაურობა ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს.
