„ბაკურიანში თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო“ – დააკავეს კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ვლადიმერ სტეფანიანი დააკავა. მას 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს.

„უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. 

ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, „კრისტალ ჯგუფის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

დეველოპერული კომპანია „კრისტალ ჯგუფი“ ბაკურიანში 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, „კრისტალის საკურორტო ზონაში“ შედის 700-ზე მეტი აპარტამენტი, 4 მაღალი კატეგორიის რესტორანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სტანდარტების სასრიალო ტრასები, სადაც, კომპანიის განცხადებით, „უკვე  წარმატებულად განხორციელდა ზამთრის  მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონატები“ და საკუთარი საბაგიროების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბაკურიანში არსებულ ყველა სასრიალო ტრასას.

დაკავებული ვლადიმერ სტეფანიანი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელთა შორისაა. 2021 წელს მას პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული. 2018 წელს სტეფანიანმა 60 000 ლარით დააფინანსა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.