„აზოვსტალის“ ცნობილი მცველი, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი უკრაინელების მიერ მისი ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის შეგროვებულ თანხას - 23 მილიონ 430 ათას გრივნას [დაახლოებით 634 000 აშშ დოლარი] თანამებრძოლების მკურნალობაზე დახარჯავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
დიანოვმა თანამემამულეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შემოწირულებები არა მხოლოდ ზრუნვად, არამედ დიდ პასუხისმგებლობად მიაჩნია.
„თანხისდახარჯვას მკურნალობაზე ვგეგმავდი, თუმცა, რინატ ახმეტოვმა და საფეხბურთო კლუბმა „შახტარმა“ გადაწყვიტეს, დამეხმარონ საზღვარგარეთ საუკეთესო ექიმების მოძებნაში, საბუთების მომზადებაში. ეს მაძლევს იმედს, რომ ისევ მექნება სრულყოფილი მარჯვენა ხელი.
ვიცი, რომ მე უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვა ბიჭებს. მე მცნობენ, დასახმარებლად ბევრი ადამიანი გამომეხმაურა და ახლა მაქვს შანსი, ჯანმრთელი ხელი დავიბრუნო. ვნატრობ, რომ მეც შევძლო სხვების დახმარება. ჩემი მთავარი მიზანია, ნაკლები ამპუტაცია და მეტი ჯანსაღი კიდურების მქონე ვეტერანი იყოს.
ამიტომ, გადავწყვიტე მთელი მოგროვილი თანხა ჩემს ძმებს მივცე. მალე მოგიყვებით თოთოეულზე, ვინც დახმარებას მიიღებს. თქვენ ცდილობდით მხოლოდ მე ერთს დამხმარებოდით. იმედი მაქვს, რომ უკრაინის ბევრი დამცველის დახმარებას შეძლებთ“, - წერს დიანოვი Facebook-ში.
44 წლის მიხაილო დიანოვი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. ის მარტში, ქალაქ მარიუპოლში მარჯვენა ხელში დაიჭრა. მოგვიანებით, მიხაილო დიანოვი „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში, რუსეთის ალყაში იმყოფებოდა და მძიმე ტრავმის მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებდა. დიანოვი „აზოვის“ პოლკის მებრძოლის დმიტრო კოზაცკის, მეტსახელად „ორესტის“ მიერ გადაღებული ფოტოთი გახდა ცნობილი.
მაისში უკრაინელმა მებრძოლებმა „აზოვსტალი“ დატოვეს და რუსებს ჩაბარდნენ. ოთხი თვის შემდეგ, 22 სექტემბერს, რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეთა მასშტაბური გაცვლა შედგა - პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის და 55 რუსი სამხედრო ტყვის სანაცვლოდ, უკრაინამ 215 მებრძოლის გათავისუფლება შეძლო, მათ შორის, 188 „აზოვსტალის“ მცველი იყო.
ოთხთვინ ტყვეობაში მიხაილო დიანოვმა 25 კილოგრამი დაიკლო, ძვალი კი არასწორად შეუხორცდა. მას შემდეგ, რაც ტყვეობიდან გათავისუფლებული მებრძოლის ფოტო გავრცელდა, უკრაინელებმა მის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს და ერთ დღეში 5 მილიონ გრივნას მოუყარეს თავი. მიხაილო დიანოვი ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამისთვის ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
