აზერბაიჯანში სასამართლომ ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთის რვა მოქალაქეს. მათ ირანიდან ნარკოტიკების კონტრაბანდასა და კიბერდანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ. ბაქოში რუსეთის ათამდე მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსეთში, კერძოდ, ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების დაკავების დროს ორი ადამიანი დაიღუპა - როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის შედეგად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, აზერბაიჯანში დაკავებულ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს სახეზე სისხლჩაქცევები ეტყობოდა. როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, მათ შორის ამოცნობილია ორი რუსი IT სპეციალისტი - 40 წლის ანტონ დრაჩევი და 30 წლის დეველოპერი დიმიტრი ბეზუგლი აზერბაიჯანში არაუგვიანეს 2022 წლის შემოდგომაზე აღმოჩნდნენ, თუმცა ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს, კონკრეტულად რას საქმიანობდნენ იქ. რუსული მედიის ცნობით, კიდევ ერთი დაკავებული ეკატერინბურგში მცხოვრები ალექსანდრ ვაისეროა, რომელიც აზერბაიჯანში დასასვენებლად იმყოფებოდა.
მანამდე, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის სამართალდამცველების მიერ აზერბაიჯანის ორი მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
27 ივნისის დილით, ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები დააკავეს. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი 2001, 2010 და 2011 წლებში მომხდარ მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები. ჩატარებული ოპერაციის შედეგად ძმები, 55 წლის ზიადინ და 60 წლის ჰუსეინ საფაროვები დაიღუპნენ.
„ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებმა მათ მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ზიადინ საფაროვი იმავე დღეს, დილის საათებში, სამართალდამცავი ორგანოების მანქანაში გარდაიცვალა. [...] ის რუსმა სამართალდამცავებმა აწამეს. ძმები ჰუსეინ და ზიადინ საფაროვები მიღებული დაზიანებებით გამოწვეული პოსტტრავმული შოკის შედეგად გარდაიცვალნენ“, - განაცხადა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნემატ ავაზოვმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთის ხელისუფლება ძმები საფაროვების მკვლელობას უარყოფს. როგორც საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, „წინასწარი მონაცემებით“ ერთ-ერთი ძმა „გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მეორე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი დგინდება“.
30 ივნისს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოში, პროპაგანდისტული რუსული გამოცემა „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა - დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, ხოლო ხუთი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით არის აღძრული. 1-ელ ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ „რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ორი კრიმინალური დაჯგუფების“ დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. იმავე დღეს რუსეთის და აზერბაიჯანის დიპლომატიურმა უწყებებმა საპროტესტო ნოტები გაცვალეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ დაკავებული თანამშრომლების, იგორ კარტავიხის და ევგენი ბელოუსოვის გათავისუფლებაც მოითხოვა.
