ბაქოს სასამართლომ არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, 57 წლის რუბენ ვარდანიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ვარდანიანს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედებოდა, მათ შორის, ედავებოდნენ ტერორიზმის დაფინანსებას, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, განზრახ მკვლელობას და ძალის გამოყენებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
სახელმწიფო ბრალდება რუბენ ვარდანიანისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვდა. თავად ვარდანიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკურად იდევნება.
ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, რუბენ ვარდანიანი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რიცხვში შედიოდა - მისი ქონება მილიარდ დოლარზე მეტით ფასდებოდა. წარმოშობით სომეხი ბიზნესმენი საინვესტიციო კომპანიას ფლობდა და მოსკოვის ბიზნესსკოლის, „სკოლკოვოს“ თანადამფუძნებელი იყო. 2022 წელს ვარდანიანმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საცხოვრებლად ყარაბაღში გადავიდა. 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლდამდე ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის „მთავრობას“ ხელმძღვანელობდა.
2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღიდგინა. სომხური მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციით შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, 100 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, სომხეთში გადასულიყო.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა რუბენ ვარდანიანი 2023 წლის სექტემბრის ბოლოს მთიანი ყარაბაღის დატოვების ცდელობისას დააკავა. მას შემდეგ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა 2024 წლის 1-ელ იანვარს შეწყვიტა.
2026 წლის თებერვლის დასაწყისში ბაქოს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს, არმიის ყოფილ მეთაურს, ლევონ მნაცაკანიანს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით იშხანიანს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დავით ბაბაიანს.
„მთიანი ყარაბაღის“ ე.წ. ყოფილი პრეზიდენტები, არკადი გუკასიანი და ბაკო სააკიანი, ასევე კიდევ ერთი დაკავებული, მადატ ბაბაიანი, სამუდამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ისინი 65 წელს გადაცილებულები არიან. გუკასიანს და სააკიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ბაბაიანს - 19 წლით.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთი მსჯავრდებულის გათავისუფლებას. მისი შეფასებით, სასამართლო პროცესები „გამჭვირვალე“ იყო და დანაშაულები „სრულად დამტკიცდა“. ალიევმა ყარაბაღის ყოფილი ლიდერები ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე გასამართლებულ ნაცისტ დამნაშავეებს შეადარა.
