აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში BBC-ის წარმომადგენლობა დახურა

ბაქოში BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურის ოფისი დაიხურა, თანამშრომლებმა კი სიტუაციის გარკვევამდე საქმიანობა შეაჩერეს. ბრიტანული კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „იძულებითი გადაწყვეტილება“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან სიტყვიერი შეტყობინების შემდეგ მიიღეს. 

BBC-ი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება პრესის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და ის ძალიან გაართულებს BBC-ის ჟურნალისტების მიერ მოვლენების გაშუქებას „აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისთვის, აუდიტორიისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ“.

მანამდე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აზერბაიჯანის ხელისუფლება აპირებს, ქვეყანაში მომუშავე BBC-ის თანამშრომლების რაოდენობა ერთამდე შეამციროს. BBC-ის ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება რა მიუღია, მათ შეკითხვებს არც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს კომენტარი, სადაც ის BBC-ს საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს, 20 თებერვალს გავრცელდა. მისი განმარტებით, BBC-ის არ აქვს სამართლებრივი საფუძველი აზერბაიჯანში საქმიანობა განახორციელოს როგორც უცხოური მედიასტრუქტურის წარმომადგენლობამ. 

„გადაწყვეტილება წარმომადგენლობის დახურვის შესახებ არ უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის საკორესპონდენტო საქმიანობას და ითვალისწინებს ერთ კორესპონდენტზე აკრედიტაციის გაცემას. მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სხვა უცხოურ მედიასტრუქტურებთან მიმართებაშიც“,- განაცხადა ჰაჯიზადემ.

BBC აზერბაიჯანში 1994 წლიდან მუშაობს. რადიოს ფუნქციონირება 2011 წელს შეწყდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მთავრობამ FM სიხშირეებზე უცხოური რადიოსადგურების მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ BBC-მ ონლაინ მუშაობა გააფართოვა. კომპანიის ინფორმაციით, BBC News Azerbaijan-ი კვირაში საშუალოდ მილიონ ადამიანს სწვდებოდა და მისი აუდიტორია მზარდი იყო. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.