„ავტოსტატი“: საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი ნოემბერში 227%-ით გაიზარდა

რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ დირექტორი სერგეი ცელიკოვი თავის Telegram არხზე აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან რუსეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების (სამ წელზე მეტი ასაკის) ექსპორტი ნოემბერში 227%-ით გაიზარდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცელიკოვის მონაცემების მიხედვით, ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 4778 მეორადი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, ეს კი ეს 3.3-ჯერ (+227%) მეტია გასული წლის ნოემბერთან (1461 ერთეული) შედარებით.

„5 ყველაზე პოპულარული ბრენდია BMW (926 ერთეული), Toyota (441 ერთეული), Volkswagen (414 ერთეული), Hyundai (373 ერთეული), KIA (352 ერთეული).

მოდელებს შორის ლიდერობს BMW X5 279 ერთეულით. ტოპ ხუთეულში ასევე შედის Chevrolet Equinox (175 ერთეული), BMW X7 (172 ერთეული), KIA K5 (172 ერთეული) და Toyota RAV4 (160 ერთეული)“, - წერს სერგეი ცელიკოვი.

მისივე მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში სულ 34 600 მეორადი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, რაც თითქმის სამჯერ (+218%) მეტია გასული წლის პირველი 11 თვის მაჩვენებელზე, როდესაც რუსეთში 10 900 ერთეული ავტომობილი გავიდა.

ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებით, ევროკავშირის ქეყნებიდან და ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში პირდაპირი რეექსპორტი 2023 წლიდან აკრძალულია. 2025 წლის მაისიდან აკრძალვა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შეეხოთ და მათ არ აქვთ უფლება გააკეთონ ექსპორტი და რეექსპორტი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გამოქვეყნდა, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია. ავტომობილები ძირითადად ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის - ორივე ქვეყნის წილი, ავტომობილების მთლიან ექსპორტში 81%-ს შეადგენს.

„საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთზე, სადაც მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 600 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ეს კი მაშინ როდესაც რამოდენიმე წლის წინ ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი რამოდენიმე მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. მაგალითად 2021 წელთან შედარებით ზრდა 12,828%-ია (გაიზარდა 129-ჯერ).

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი, რომლის მოსახლეობაც 7.2 მლნ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოს ერთ-ერთი დაბალ განვითარებული ქვეყანაა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,400 დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც მსოფლიოს საშუალო 13 ათასი დოლარია. მიუხედავად ამისა, წლის მხოლოდ 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტით ყირგიზეთში 19 663 ცალი ავტომობილი გავიდა, თითო ერთეულის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 32 ათას დოლარს შეადგენს - რაც მიანიშნებს, რომ ყირგიზეთში რეექსპორტზე გატანილი ავტომობილები უმეტესად მაღალ საფასო კატეგორიაშია.

ავტომობილების რეექსპორტით მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც წლის პირველ 6 თვეში 353.2 მლნ. დოლარის ავტომობილები გავიდა. 2021 წლის საწყის 6 თვეში ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ 5.4 მლნ დოლარს შეადგენდა. ჯამში 2025 წლის 6 თვეში ყაზახეთში 20,215 ავტომობილი შევიდა საქართველოს დერეფნის გავლით - თითო ავტომობილის საშუალო ღირებულება კი ყირგიზეთთან შედარებით დაბალია და 17,473 დოლარს შეადგენს“, - ვკითხულობთ IDFI-ის კვლევაში.

კვლევის ავტორების თანახმად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტის მკვეთრი და არაბუნებრივი ზრდა, კითხვის ნიშანს ტოვებს, ხდება თუ არა საქართველოს დერეფნის გამოყენება რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.