რუსეთის სატრანსპორტო საგამოძიებო დეპარტამენტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყება ავიაკომპანიას მგზავრებისთვის სახიფათო მომსახურების გაწევაში ადანაშაულებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Red Wings საავიაციო მომსახურების არასათანადო შესრულებაში სდებენ ბრალს. გამოძიება ასევე სწავლობს კომპანიის მიერ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის იგნორირების სხვა შესაძლო ფაქტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლის 13 აგვისტოს თვითმფრინავის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა ანტალია-მოსკოვის (ჟუკოვსკი) რეისზე ფრენის განხორციელების ნებართვა გასცეს. ბორტზე, სადაც 406 მგზავრი იმყოფებოდა, გაუმართავი იყო საჰაერო ინსტალაცია, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის შიდა კონდიცირების სისტემაზე. საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, ავიაკომპანიამ ფრენების ორგანიზებისას არ გაითვალისწინა მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმები. შედეგად, თვითმფრინავის სალონში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც ხანგრძლივი ფრენის დროს მგზავრებს საფრთხე შეუქმნა.
თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი იერხოვმა განაცხადა, რომ Red Wings-ის მიერ ტექნიკური მიზეზების გამო ფრენების გაუქმების შედეგად, ანტალიაში რუსეთის დაახლოებით 1200 მოქალაქე ჩარჩა.
სამგზავრო ტრაფიკის გათვალისწინებით, Red Wings ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც რუსეთიდან თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, ყაზახეთსა და უზბეკეთში დაფრინავს. მიმდინარე წლის მაისში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, Red Wings-მა ფრენების განხორციელება სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზეც დაიწყო.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მიმართულებით, რუსეთიდან ან რუსეთის თავზე ფრენების ნებართვას არ გასცემენ. გარდა ამისა, სანქციები ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს რუსეთისთვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების პირდაპირ მიწოდებასა და Boeing-ისა და Airbus-ის ტექნიკურ მომსახურებას უკრძალავს.
ავიაკომპანია Red Wings უკრაინის მიერ 2021 წლიდან არის სანქცირებული. ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ Airbus-ის თვითმფრინავი, რომელსაც Red Wings-ი ამუშავებს, უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევთა სიაში შეიყვანა.
Red Wings-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის ფლოტს ძირითადად თანამედროვე რუსული საჰაერო ხომალდები - Sukhoi Super Jet (SSJ 100) შეადგენენ. კომპანიის მფლობელობაშია სამი Boeing-777-იც.
